19 აპრილი 2024,   17:22
ვრცლად
კრემლი დამნაშავედ კიდევ ერთხელ სცნეს - რუსეთს საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენაციის გადახდა დაეკისრა

კრემლი დამნაშავედ კიდევ ერთხელ სცნეს - 2006 წელს განხორციელებული დეპორტაციის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ დავის წაგების შემდეგ მოსკოვმა იგივე დავა კერძო პირებთანაც წააგო. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს 15 მოქალაქისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

კომპენსაციის თანხა 2 ათასიდან 15 ათას ევრომდე მერყეობს. ოდენობა იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რომელმა მოქალაქემ რამდენი დრო გაატარა საპატიმროში.

გადაწყვეტილება საქმეზე "ბერძენიშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ" სტრასბურგმა დღეს გამოაცხადა.

რუსეთიდან დეპორტირებულებმა კურიერთან ის დღეები გაიხსენეს, როდესაც მათი დეპორტაცია განხორციელდა. ამბობენ, რომ არაადამიანურმა მოპყრობამ მათზე დიდი კვალი და სტრესი დატოვა.

სტრასბურგის სამართლო მიიჩნევს, რომ 2006 წელს მასობრივი დეპორტაციის დროს ქართველებს არაადამიანურად მოეპყრნენ და მათ წინააღმდეგ რუსეთმა ევროკონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია.

სახელმწიფოთშორის სარჩელის შემდეგ დღეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურ საქმეებზე დადგა. მისი გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში ნებისმიერ მხარეს შეუძლია, მოითხოვოს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა. ვადის გასვლის შემდეგ კი გადაწყვეტილება ძალაში შედის.

სამი თვის ვადაში რუსეთის ფედერაციამ თანხა დაზარალებულებს უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი იქნება.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

ამავე თემაზე
დღის ამბები