16 აპრილი 2024,   19:39
ვრცლად
„ეს იყო საშინელება... კინოში მგონია თავი“ - Herbalife-ში ბოროტმოქმედმა თანამშრომელს იარაღი დაადო და ფული მოსთხოვა

ვაკის პოლიციაში ის პირების გამოკითხეს, რომლებიც ამერიკულ კომპანია Herbalife-ზე თავდასხმას შეესწრნენ.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ერთი პირი შეიჭრა. თავდამსხმელი შეიარაღებული იყო და სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა. ის იარაღის მუქარით ფულს ითხოვდა.

Herbalife-ის თანამშრომლები ყვებიან, რომ ბოროტმოქმედმა ერთ-ერთ მათგანს თავზე იარაღიც კი დაადო და სასხლეტს გამოჰკრა, თუმცა, იარაღმა არ გაისროლა.

„მუქარა იყო, გამოკრა კიდევაც. მგონი, ტყვია არ იყო შიგნით,“ - ამბობენ Herbalife -ის თანამშრომლები.

თავდასხმა ვაკეში თამარაშვილის ქუჩაზე, კამერებით აღჭურვილ კორპუსში მოხდა. თავდასხმის მომენტში ამერიკული კომპანიის ოფისში მხოლოდ თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. ტერორის ქვეშ იყვენენ კლიენტებიც.

„ეს იყო საშინელება. კინოში მგონია ახლაც თავი,“ - იხსენებს თავდასხმისას მაღაზიაში მყოფი ერთ-ერთი კლიენტი. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე - ყაჩაღობის, მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის დაკავებული არავინაა. 

დღის ამბები