24 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
"შემოვიღოთ ნებაყოფლობითი სისტემა, რომ დააგროვოს იმან, ვისაც ამის საშუალება აქვს" - ზურაბ ჭიაბერაშვილი საპენსიო სისტემაზე

პარლამენტის წევრი, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, დაგროვებით საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით არჩევანის ეთერში საუბრობს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც ქვეყნის წინაშე მთავარი გამოწვევა უმუშევრობაა და სიღარიბე იზრდება, დაგროვებითი პენსია კიდევ უფრო გაზრდის სიღარიბეს.

„ჩვენი დასაქმებული მოქალაქეების 2/3-ს ხელფასი აქვს 600 ლარი და ნაკლები და ამ ადამიანებმა როგორ უნდა დაზოგონ, თუ არ მოიკლებენ არსებით რაღაცებს, თუ საკუთარ შვილს არ მოაკლებენ საჭმელს. ჩვენთან რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მაღალი, როგორიც იყო წლების წინ და სამუშაო ადგილები იქმნებოდეს და შემოსავალი ეზრდებოდეს ხალხს, მაშინ კი ბატონო, ვიფიქრობთ დაგროვებაზე,“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლება აღნიშნულ თანხას თავად გამოიყენებს.

ის ამბობს, რომ საპენსიო რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

ევროპულმა საქართველომ შევიტანეთ ალტერნატიული კანონპროექტი პარლამენტში. სხვათა შორის, ქართული ოცნების დეპუტატები არ ეწინააღმდეგებიან ჩვენს კანონპროექტს იმიტომ, რომ თავადაც ხვდებიან, რამხელა ხაფანგია,“ - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილის თქმით, მათსა და მმართველი გუნდის იდეას შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ საპენსიო რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითია. მისივე თქმით, დანაზოგისთვის მოქალაქეები საშემოსავლო გადასახადს გამოიყენებენ.

„ჩვენი შემთხვევა არის სრულიად სამართლიანი და ძალიან მგძნობიარე იმიტომ, რომ ნებაყოფლობით სისტემაში დაზოგავენ ისინი, ვისაც ამის საშუალება აქვს,“ - ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

მან მთავრობა იმ გეგმის გამო გააკრიტიკა, რომელიც დღეს არსებული პენსიის ინდექსაციას მოიცავს. ეს კი ჭიაბერაშვილის თქმით, დღევანდელ პენსიონერებს პენსიის სერიოზული ზრდის შესაძლებლობას არ აძლევს.

"სწორი ფორმულა იქნება, რომ შემოვიღოთ ნებაყოფლობითი სისტემა, რომ დააგროვოს იმან, ვისაც ამის საშუალება აქვს," - ამბობს ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები