24 აპრილი 2024,   14:10
ვრცლად
სამხედრო მფრინავი, ეკა ქვლივიძე ამტკიცებს, რომ მან თავდაცვის სამინისტრო გენდერული დისკრიმინაციის გამო დატოვა

დისკრიმინაცია თავდაცვის სამინისტროში გენდერული ნიშნით - წარმატებული სამხედრო მფრინავი, ეკა ქვლივიძე ამტკიცებს, რომ უწყებაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ის იძულებული გახდა კონტრაქტი შეეწყვიტა და თავდაცვის სამინისტრო დაეტოვებინა. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო კი სამინისტრომ მას სასამართლოში უჩივლა და ყოფილი თანამშრომლისგან ჯარიმის სახით 28 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვს. სასამართლო პროცესი ხვალისთვის არის დაგეგმილი. ქვლივიძე არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროდან, არამედ სხვა უწყებებიდან პროფესიონალი კადრების გადინებაზე საუბრობს და საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველს.

"არ ვიყავი სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებული რაც იმას ნიშნავდა, რომ ვერ შევძლებდი მთელი წლის განმავლობაში ფრენას, რაც თავად მეთაურმაც დამიდასტურა პირადად რომ გავესაუბრე. მოსაზრება გახლდათ ესეთი, რომ არსებული მცირე რესურსების ჩემში დახარჯვას აზრი არ ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ მე ქალი ვიყავი და ჯობდა სხვებში ყოფილიყო ეს რესურსები გათვლილი. იძულებული გავხდი რომ დამეწერა პატაკი და წამოვსულიყავი. ისეთი ოქროს ფონდის გადინება ხდება, უკვე ქვეყნიდან, საგანგაშო ამბავია, ასეთი მომზადებული ხალხი რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტია დახარჯული, ამ ხალხს არ უნდა ვუქმნიდეთ ჩვენ იმ პირობებს, რომ იძულებულები გახდნენ და წავიდნენ. ერთ-ერთი მათგანი ვარ მე, რომელიც ყველანაირად დისკრიმინირებულია თავდაცვის სამინისტროს მხრიდან,"-აცხადებს ეკა ქვლივიძე. 

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მფრინავის ეკატერინე ქვლივიძის უფლებებს ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი დაიცავს.

დიმიტრი ნოზაძე ამბობს, რომ ისინი საჩივრის შინაარსს არ ეთანხმებიან და დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას ითხოვენ.

„თავდაცვის სამინისტრო ვალდებულია ხელშეკრულებით, სანამ ჯარიმაზე წავა, მოლაპარაკებით დაასრულოს და ეს არ იყოს  სასამართლოს გადასაწყვეტი, მეორეც უნდა შეუქმნას ყველა ის პირობები, რომ არ მოხდეს მხარის მიერ ხელშეკრულების დარღვევა, თუმცა თავდაცვის სამინისტომ თვითონ დაარღვია პირველ რიგში ხელშეკრულების პირობები,“-განაცხადა დიმიტრი ნოზაძემ.

ავტორი: თამთა ჯიქია.

დღის ამბები