ეკონომიკურ ექსპერტთა ნაწილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის გადადგომას ითხოვს. სპეციალისტები ამის საფუძვლად "თიბისი კაპიტალის" უძრავი ქონების ბაზრის ახალ კვლევას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარში დამტკიცებული იპოთეკური სესხების ოდენობა 47 %-ით შემცირებულია წინა წელთან შედარებით. ექსპერტები ამბობენ, რომ იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით რეგულაციები არ იყო საჭირო. ამავე კვლევის მიხედვით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შარშანდელთან შედარებით 45%-ით არის შემცირებული.
"რაც შეეხება ამ საბანკო რეგულაციებს, პირდაპირ ვიტყოდი რომ ამან კატასტროფული შედეგი გამოიტანა. ეს იყო ყოვლად გაუაზრებელი და აბსოლუტურად არაპროფესიონალური გადაწყვეტა, არაკოლეგიალური გადაწყვეტილება. მე თუ მკითხავთ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს. ათეული თუ არა ასეული მილიონი ლარით აზარალა ისედაც ღატაკი ქვეყნის ბიუჯეტი,"-აცხადებს საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი როსტომაშვილი.