20 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
კომპენსაციები სამსახურიდან გათავისუფლებულებისთვის - "ოცნების" საკადრო პოლიტიკა ბიუჯეტს მილიონობით ლარით აზარალებს

„ქართული ოცნების“ საკადრო პოლიტიკა ბიუჯეტს მილიონობით ლარით აზარალებს. მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში ხელისუფლებას სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულებისთვის კომპენსაციის სახით 2 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გათავისუფლებულ 63 თანამშრომელს კომპენსაციის სახით სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 436 ათას ლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ფინანსური ვალდებულებების შესრულებას სალომე ზურაბიშვილის გუნდი აგვიანებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პროცედურები მიმდინარეობს და დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარამდე თანხა ადრესატებს მომავალ კვირას ჩაერიცხებათ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელმა დახმარებისთვის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია მათი გათავისუფლების კანონიერებას სწავლობს. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დახმარებით ბოლო 2 წლის განმავლობაში სხვა უწყებებიდან უკანონოდ გათავისუფლებულმა ყველა ინსტანციის სასამართლო დავა მოიგეს და მოსამართლემ სახელმწიფოს მათთვის 2 მილიონამდე ლარის გადახდა დააკისრა.

2017 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უკანონოდ გათავისუფლებული მოხელეების 75 საქმე მოიგო. მათ სახელმწიფომ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. 2018 წელს კი არასამთავრობო ორგანიზაციამ სამსახურიდან არაკანონიერად გათავისუფლებული თანამშრომლების 59 საქმე მოიგო.

ბიუჯეტიდან მოქალაქეებისთვის გასაცემი კომპენსაცია ერთი წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და მილიონ 401 ათას 360 ლარი შეადგინა. აქედან კომპენსაციებისთვის 719 ათას 980 ლარი, ხოლო უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთებისთვის - 681 ათას 470 ლარი.

ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა რიგით მოქალაქეებს მილიონები უჯდება. ჯანდაცვის სამინისტროდან 2015 წელს უკანონოდ გათავისუფლებულებს შორის არის ლილე ლიპარტელიანი. ის სოციალური დაცვის სააგენტოდან ზაზა სოფრომაძის დროს დაითხოვეს. ლილე ლიპარტელიანმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია, სამივე ინსტანციის სასამართლო მოიგო, რის საფუძველზეც სახელმწიფოს მის თანამდებობაზე აღდგენა და 55 ათასი ლარის კომპენსაციის სახით გადახდა დაეკისრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები