23 აპრილი 2024,   23:07
ვრცლად
ყიდულობს თუ არა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს ბიძინა ივანიშვილი - მარიკა დათუკიშვილის კითხვას საკრებულოში ხმაური მოჰყვა

იყიდება თუ არა "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე" და ყიდულობს თუ არა მას ბიძინა ივანიშვილი - თბილისის საკრებულოში ხმაური მარიკა დათუკიშვილის მიერ დაყენებულმა საკითხმა გამოიწვია.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, მარიკა დათუკიშვილმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საუბრისას წყაროდ სოციალური მედია მოიშველია, სადაც ამ საკითხზე საუბრობდნენ.

„მედიაში გავრცელდა განცხადება, რომ გაყიდვის საფრთხე ემუქრება "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს." აქ მჯერა-არ მჯერას დონეზე არ მინდა კითხვის დასმა. რამდენად შეესაბამება სიმართლეს, თუ არის ვინმე მერიიდან, ქონების მართვის სამსახურის წარმომადგენელი, ბატონ თავართქილაძეს ვერ ვხედავ, მინდა, რომ ბატონ თავართქილაძისგან მოვისმინო პასუხი ამასთან დაკავშირებით. აგრეთვე, მინდა ქალბატონ ტალიაშვილისგან მოვისმინო პასუხი,“ - განაცხადა დათუკიშვილმა.

საკრებულოს უმრავლესობამ ამ ფაქტს დეზინფორმაცია უწოდა. თბილსის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის" სრული რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„ლოგიკურად, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში,“ - აღნიშნა ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

დათუკიშვილის თქმით, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასახლე იყიდება და მას ბიძინა ივანიშვილი ყიდულობს.

„იყიდება "მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე" და ამ სასახლეს ყიდულობს ის ადამიანი, რომელსაც ამ დარბაზის გადაწყვეტილებით, ერთ ლარად გადასცეს პუშკინის მიმდებარე ტერიტორია და მჯერა-არ მჯერა-თქო იმიტომ ვახსენე, რომ წარმოგიდგენიათ თქვენ გუდიაშვილის გზა გააუქმო და აჩუქო ბიძინა ივანიშვილს? ეს გააკეთა წინა მოწვევის საკრებულომ და მერიამ,“ - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

დღის ამბები