20 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
"ეს იყო 1992 წელს, მას შემდეგ მან შეცვალა ეს პოზიცია" - პრეზიდენტის მიღებაზე გამსახურდიების ოჯახიდან მხოლოდ კონსტანტინე მივიდა

ავლაბრის ცერემონიების სასახლეში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრები პრეზიდენტის მიღებაზე არ მივიდნენ.

მათი პროტესტი სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებებმა გამოიწვია, რომელსაც ის ჯერ კიდევ 1990-იანი წლებში აკეთებდა მას შემდეგ, რაც მოხდა სამოქალაქო ომი და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება განდევნეს საქართველოდან.

მაშინ სალომე ზურაბიშვილი ზვიად გამსახურდიას დიქტატორსაც კი უწოდებდა და იმ მხარს უჭერდა იმ დაჯგუფებებს, რომელიც ებრძოდა კანონიერ ხელისუფლებას. ამის შემდეგ იყო სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

სწორედ ამ განცხადებების გამო უზენაესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატებმა პრეზიდენტს პროტესტი გამოუცხადეს.

თუმცა, სტუმრების ის ნაწილი, ვინც დღევანდელ ღონისძიებას დაესწრო, განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს განცხადებები "ახალგაზრდამ" და "გამოუცდელმა" გააკეთა.

„დაიმახსოვრეთ, არა წარსულია ადამიანში მთავარი, არამედ აწმყო და მომავალი. თუ ადამიანი დღეს აწმყოში და მომავალში სწორედ აზროვნებს და ქართულ სახელმწიფოებრიობას ემსახურება, მისთვის შეხსენება, რომ ერთ დროს ან ახალგაზრდა ან უმწიფარი, რაღაცას ამბობდა, რა გავლენით, ვინ იცის, ამაზე ყურადღების გამახვილება ჩვენ გვაბრუნებს უკან და არ მივყავართ წინ,“ - განაცხადა ბაკურ გულუამ.

სტუმრების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ სალომე ზურაბიშვილი კარგად ვერ მეტყველებს ქართულად და მას იმ აზრის გადმოცემა გაუჭირდა, რასაც რეალურად ფიქრობს.

„მე არ ვიცი, ზუსტად როდის რა განცხადებას აკეთებს. ერთი რამ ვიცი, რომ შეიძლება, ის ნამდვილად ვერ გამოხატა ქართულის არცოდნის გამო. ძალიან ბევრი, რაც მერე მოხდა, იმის ტირაჟირება, სულ სხვა რამის თქმა უნდოდა და სულ სხვა რამე გამოვიდა იმის ნათქვამიდან. მაგრამ იცით, რაშია საქმე, სიტყვებს და იმეებს თუ გავეკიდეთ, არაფერი აღარ დაგვრჩება და საერთოდ არ ვიცი, საქართველოსგან რა დარჩება. შეიძლება, ასეთ დღეს, როდესაც 80 წელია გამსახურდიასი, ერთმანეთს ისევ ვებრძოდეთ?“ - განაცხადა ერთ-ერთმა სტუმარმა. 

ღონისძიებას გამსახურდიების ოჯახიდან დაესწრო მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდია. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მოწვევქა გაუგზავნა, მანანა არჩვაძე და ცოტნე გამსახურდია მიღებაზე არ მივიდნენ.

კონსტანტინე გამსახურდია კი აცხადებს, რომ  დამოკიდებულება, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ჰქონდა ზვიად გამსახურდიას მიმართ, 30 წლის წინ იყო და მას ახლა ეს პოზიცია შეცვლილი აქვს.

„ეს იყო 1992 წელს, მას შემდეგ მან შეცვალა ეს პოზიცია, მე რამდენადაც ვიცი. რაც შეეხება ომთან დაკავშირებით, ეს არის ძალიან ხანგძლივი თემა, დიდი კამათის და ახსნა-განმარტებების და დაზუსტებების საგანი და დღეს არ ღირს ამაზე საუბარი. არ დავწვრილმანდებით. სხვათა შორის, ერთ რამეს კიდევ გეტყვით, ძალიან მოხარული ვარ რომ ამ სასახლემ მიიღო რაღაც ფუნქცია და არ გადაკეთდა საბანკეტო დარბაზად ან სპორტსკოლად,“ - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

სტუმრების ერთი ნაწილი კი აცხადებს, რომ მათთვის მიუღებელია სალომე ზურაბიშვილის განცხადებები და მიღებაზე მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტისადმი პატივისცემის გამო მივიდნენ.

„მიუღებელია, უნდა გითხრათ, მაგრამ სახელმწიფო ინსტიტუტი სახელმწიფო ინსტიტუტია. პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორედ იმიტომ, რომ ყოველგვარი ფუნქცია შემოაცალეს, ამიტომ ჩვენგან, მე ვფიქრობ, რომ მაინც დასაფასებელია. ამიტომ გახლავართ აქ, თორემ მიუღებელი იყო, რა თქმა უნდა და არც დამიმალავს არასდროს,“ - განაცხადა აკაკი ასათიანმა. 

დღის ამბები