19 აპრილი 2024,   11:15
ვრცლად
ნიკოლოზ რაჭველმა და ლიზა ბათიაშვილმა კონცერტის რეპეტიცია წუთიერი დუმილით დაიწყეს

ნიკოლოზ რაჭველმა და ლიზა ბათიაშვილმა კონცერტის რეპეტიციის დაწყების წინ, ორკესტრის სრულ შემადგენლობასთან ერთად, 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მხარდასაჭერად ჩამოვიდა და ახალ პროექტს გეგმავს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება.

„9 აპრილი ყოველთვის მნიშვნელოვანი თარიღი იყო და ეს დარჩება ჩვენს მოგონებებში და მინდა, რომ არასდროს არ დაგვავიწყდეს, რისთვის იბრძოდა ქართველი ერი და რაც მთავარია, ახალგაზრდობა. რაც შეეხება ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, ჩვენ ახლა ვმუშაობთ ძალიან საინტერესო ახალ პროექტზე. ორკესტრის სახელი და ჟღერადობა გაისმება მთელ მსოფლიოში, ყველა მუსიკის მოყვარულის ყურთან მივა ეს ორკესტრი და ამიტომ ეს ძალიან მიხარია,“ - განაცხადა ლიზა ბათიაშვილმა.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელის და მთავარი დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის, თქმით, სამუშაო პროცესი ორკესტრის წევრებმა თავისუფლებისათვის მებრძოლთა, დაღუპულთა, შეწირულთა ნათელ ხსოვნას მიუძღვნეს.

„რომ არ ყოფილიყო 9 აპრილი, რომ არ ყოფილიყო ის საოცარი დღეები და თვეები, რაც ერთ მუჭად შეკრულ საქართველოში ხდებოდა, ალბათ, ჩემი შემოქმედებითი ცხოვრებაც სხვაგვარი იქნებოდა. ჩვენ მივუძღვენით ჩვენი სამუშაო პროცესი თავისუფლებისათვის მებრძოლთა, დაღუპულთა, შეწირულთა ნათელ ხსოვნას. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ახალ პროექტზე, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში შედგება,“ - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

დღის ამბები