24 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
ჰესების მშენებლობა დაცულ ტერიტორიაზე - არასამთავრობო სექტორი პარლამენტს სთხოვს მხარი არ დაუჭიროს მთავრობის ინიციატივას

პარლამენტი მთავრობის ინიციატივის განხილვას, რომელიც დაცულ ტერიტორიაზე ჰესების მშენებლობას დასაშვებად ცნობს დღეიდან იწყებს. მმართველ გუნდში ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობაა, ცვლილების კატეგორიული წინააღმდეგია ოპოზიცია და კანონპროექტის წინააღმდეგია სამოქალაქო სექტორიც.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პარლამენტს უკვე მისწერეს, რომ არ დაუშვან დაცული ტერიტორიების სისტემის გაუარესება და უარი თქვან წარდგენილ კანონპროექტზე.

„იმ პირობებში, როდესაც არ გაგვაჩნია ენერგეტიკის ცალსახა პოლიტიკა, არ გაგვაჩნია მდგრადი განვითარების პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ვერ ვენდობით მთავრობის დისკრეციულ გადაწყვეტილებას, რომ დაცულ ტერიტორიებზე დაშვებულ იქნას მსგავსი პროექტების მშენებლობა. შეიძლება გარკვეული ინტერესები არსებობდეს ამ ტერიტორიაზე ენერგეტიკული პროექტების განვითარების და რა თქმა უნდა, შეიძლება კონკრეტული კერძო პირების ინტერესებიც გამოიკვეთოს,“- აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, ეთო გვრიტიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივას” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ამბობს, რომ აუცილებელია შეიქმნას დაცული ლანდშაფტები თრუსოსა და არაგვის ხეობაში, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს, რომ დაშვებული იქნას დიდი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება.

„გარემოს დაცვის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რომ დაცულ ლანდშაფტში იყოს დაშვებული ასეთი მშენებლობები. გარდა იმისა, რაც წერია თვითონ კანონპროექტში მის განმარტებით ბარათში წერია, რომ დიდი მასშტაბის ენერგეტიკულ პროექტებზე არის საუბარი. აუცილებელია შეიქმნას დაცული ლანდშაფტები თრუსოს ხეობაში და არაგვის ხეობაში, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ დაშვებული იქნას ამ დაცულ ლანდშაფტებში დიდი ენერგეტიკული პროექტები,“- აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი.

ავტორი: თამთა ჯიქია.

დღის ამბები