24 აპრილი 2024,   17:29
ვრცლად
ხმაური ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან - დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს 

ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან ხმაურია, სადაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. აქციის მონაწილეებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ გზა გაახსნევინეს.

პოლიციას ამ წუთებში გზის პირას კორდონი აქვს გაკეთებული. დაპირისპირება იყო სამართალდამცველებსა და ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებს შორის.  ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან, ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მოქალაქეები სოფელ შამგონადანაც შეუერთდნენ. 

აქციაზე ბესიკ დგებუაძის დედა შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო. 

„არ ჩავატარებინებ არჩევნებს, გაათავისუფლონ ჩემი უდანაშაულო შვილი, გაათავისუფლონ. ჩასვან სვანიძე,“ - ამბობს დაკავებულის დედა.

დაკავებული დგებუაძის მამა კი ამბობს, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ მის შვილს არ გაათავისუფლებენ.

„სანამ არ გაათავისუფლებენ ჩემს შვილს, არ მოვიცლით ფეხს, ხვალაც მოვალთ, ზეგაც მოვალთ. არჩევნებამდე ასე ვივლით. მერე არჩევნებში რაღაც კომედი შოუს დავუდგამთ ამ ხელისუფლებას. გამოვა მთელი ხალხი... ასეთი უსამართლობა. თქვენთან ერთად დამიჯდეს ამ საქმის გამომძიებელი, შევეკითხები და პასუხები მომცეს. მანახეთ დაზარალებული და მივდივარ სახლში. დაზარალებული არ არსებობს და იმ მუხლით იჭერ,“ - ამბობს ბესიკ დგებუაძის მამა.

დგებუაძის ოჯახის წევრები, გუშინ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დგებუაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს.

დგებუაძის, ადვოკატი აცხადებს, რომ სამართალდამცველები დგებუაძის ოჯახის მოსმენას უკანონოდ ახორციელებენ.

„წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს, ვინაიდან, უსაფუძვლო არის ბრალდება. რაც შეეხება თვითონ მოსმენას, მოსმენა განხორციელდა სასამართლო განჩინების საფუძველზე როგორც ჩვენთვის ცნობილია, თუმცა იმის შემდეგ, რაც მოხდა ფარულად დამონტაჟება მოსასმენი მოწყობილობის, ოჯახი აცხადებს, რომ დღემდე რჩება იქ მოსასმენი მოწყობილობა, იმიტომ რომ მერე არავინ არ მისულა და არ წამოუღია“ - აცხადებს ადვოკატი.

ბესიკ დგებუაძე, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, ოჯახის წევრების განცხადებით, უკანონო პატიმარია და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ. ბიზნესმენი ცრუ ჩვენების მიცემის საფუძველზეა დაკავებული.

ბესიკ დგებუაძე, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა.

როგორც ბესიკ დგებუაძის უფლებადამცველი განმარტავს, მას არ დაუნახავს, ვინ გაისროლა მისი მისამართით. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

 

 

დღის ამბები