ტაქსის მძღოლები კახი კალაძესთან შეხვედრას ელოდებიან. თუმცა თბილისის მერიაში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ შედგება თუ არა შეხვედრა და როდის. მძღოლები თბილისის მერს ახალი რეგულაციების რამდენიმე წლით გადავადებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში 18 აპრილს ახალ აქციას პარლამენტის წინ აანონსებენ.
გამაფრთხილებელი აქცია რამდენიმე დღის წინ აგრარულ უნივერსიტეტთან დაიწყო. ასობით ტაქსის მძღოლმა სიგნალებით დედაქალაქი გაიარა და მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაასრულა.
მათი აზრით, ყველა გადაწყვეტილების უკან, რომელიც მოსახლეობას აზარალებს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე დგას.
„ჩვენ უბრალოდ მოვითხოვთ დროებით გადავადებას, როგორც მინიმუმ 2 წლით, მოგვცენ გონივრული ვადა, რომ ხალხმა შეძლოს ამ სიტუაციის დალაგება თავისივე ძალებით. თუ ვერ მივიღებთ დადებით პასუხს, ამ შემთხვევაში გადაინაცვლებს ქუჩაში, პერმანენტული აქცია გაიმართება,“-აცხადებს ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი არჩილ არჯევანიძე.