23 აპრილი 2024,   18:36
ვრცლად
ყველაფერზე მიდიან კანონპროექტის ავტორები, რომ მოსამართლეთა კლანს, ძალაუფლების განმტკიცებაში დაეხმარონ - ვერძეული კობახიძის კანონპროექტზე 

ხელისუფლება არ ასრულებს დაპირებას, რომ კანონპროექტს მეორე მოსმენაზე, ვენეციის კომისიის დასკვნის მოსმენამდე არ გაიტანდნენ - აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული.

საუბარია, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის ექვსი დეპუტატის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევა-გამწესების კრიტერიუმებს განსაზღვრავს.  იურიდიულ კომიტეტში, სხდომას, სადაც აღნიშნულ კანონპროექტს განიხილავენ  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

მათი განცხადებით, ხელისუფლება მზად არის ყველანაირი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს, რათა სასამართლოში არსებულ კლანებს ძალაუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცების საშუალება მისცეს. 

„ის პოლიტიკური დაპირებაც კი, რომელიც გასცა ხელისუფლებამ, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენით არ გავიდოდა ვენეციის კომისიის დასკვნის გაცნობამდე არ სრულდება. რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სამწუხაროდ, ყველაფერზე მიდიან ამ კანონპროექტის ავტორები, იმისთვის, რომ იმ კლანს, რომელსაც სურს ძალაუფლების განმტკიცება და შენარჩუნება ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარონ.

ჩემთვის დღევანდელი სხდომა არის კიდევ ერთი დასტური, რომ ყველანაირი პოლიტიკური ფასის გადახდისთვის მზად არის ხელისუფლება იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლო ხელში ჩაუვარდეს იმ კლანს, რომელიც აკონტროლებს სხვადასხვა ინსტანციას დღეს სასამართლოში,“-განაცხადა სოფო ვერძეულმა

დღის ამბები