17 ივლისი 2019,   19:33
ვრცლად
გაფიცვა "ენერგოპრო ჯორჯიაში" - ენერგეტიკოსები ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულ აქციებს აანონსებენ

„ენერგოპრო ჯორჯიას” ათასობით თანამშრომელი ხელფასის გაზრდის მოთხოვნით იფიცება და მასობრივ საპროტესტო აქციებს გეგმავს. ენერგეტიკოსებმა  დამსაქმებლებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის 5-პუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს.

მათი განმარტებით, მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, საპროტესტო გამოსვლებს მთელი ქვეყნის მაშტაბით გააგრძელებენ. მოთხოვნებს შორისაა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაც.

„ 2007 წლიდან დღემდე ფაქტიურად ხელფასების მატება არ განხორციელებულა, თუმცაღა სამუშაო ტექნიკურ პერსონალს დაახლოებით გაუსამმაგდა. ასევე, გაზრდილი არის სამუშაოს მოცულობა იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი დასაქმებული ტოვებს სამსახურს, აქედან გამომდინარე, იმ დარჩენილ დასაქმებულებზე ხდება იმ საქმის გადანაწილება.

ასევე, არ გაიცემა ზეგანაკვეთური ანაზღაურება, არის ძალიან დაძაბული გრაფიკი, რამაც 2018 წელს ძალიან ცუდი შედეგი დადო და ფაქტიურად ათ თვეში, ყოველ თვე ზედიზედ მიყოლებით ათი გარდაცვლილი გვყავდა.

ძალიან სამწუხარო არის , რომ მხოლოდ 2018 წელს მოეგო ენერგო პრო ჯორჯიას ადმინისტრაცია გონს და შექმნა უსაფრთხოების დეპარტამენტი,“- განაცხადა "ენერგოპრო ჯორჯიას" პროფკომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩოხელმა.

"ენერგოპრო ჯორჯიაში" არსებულ პრობლემებზე და დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებზე საუბრობენ საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირებში. პროფკავშირის თავმჯდომარის, ამირან ზენაიშვილის განცხადებით, სახელფასო სხვაობა მენეჯმენტსა და მაგალითად, ელექტრიკოსებს შორის ძალიან დიდია. 

„ხელფასების მდგომარეობა აქვთ ძალიან დაბალი "ენერგოპროში" დასაქმებულებს. ჩვენ ვითხოვთ, ხელფასების 50 % ზრდას. აღნიშნული განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ქვეყენაში არსებულ ენერგო ობიექტებთან მიმართებაში ენერგო პროს თანამშრომლებს აქვთ ყველაზე დაბალი ხელფასი. მაგალითად, ელექტრიკოსებს, რომლებიც ძირითადად ასრულებენ მთავარ სამუშაოებს, მათ აქვთ სადღაც ხელზე ასაღები 650-670 ლარი, მაშინ, როდესაც ყველა ენერგეტიკულ ობიექტებზე 1000-1100 ლარია ხელფასის ოდენობა. მეორე უმთავრესი მომენტი გახლავთ ის, რომ ძალიან დიდი სხვაობა არის მაღალ მენეჯმენტსა და დაბალ, ასე ვთქვათ, ანაზღაურებად ძირითად სამუშაოზე დასაქმებულ პირებს შორის. სადღაც 77 მილიონიდან 80% მხოლოდ 6000 ადამიანს ხმარდება თანხა და დანარჩენი 20%, რომელიც 15 მილიონ ლარს შეადგენს სადღაც 30 კაცს,“- ამირან ზენაიშვილი.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები