25 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
მოსამართლეების შერჩევის წესი - ოპოზიციის მტკიცებით, "ქართული ოცნება" მართლმსაჯულებაში კლანის შენარჩუნებას ცდილობს 

საქართველოს პარლამენტი მოსამართლეების შესარჩევი კრიტერიუმების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს დღეს მიიღებს.  მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ამ განცხადების არ სჯერა ოპოზიციას. 

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ „ქართულ ოცნებაში“ ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს.

„მთავარი დღის წესრიგი ხელისუფლებისთვის იყო ამ კანონის ფორსირებულად მიღება, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი, დარჩეს მართლმსაჯულების სისტემაში ხელმძღვანელი გავლენის მქონედ. ერთადერთი დღის წესრიგი რაც აქვს "ქართულ ოცნებას" - არის ის, რომ შეინარჩუნონ კლანის მმართველობა მართლმსაჯულებაში, რაც თავისთავად ემსახურება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნების ინტერესს,“-აცხადებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა.

"ევროპული საქართველოს" წევრების განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს დააკანონოს ივანიშვილის უკვე გაცხადებული პოლიტიკა - კლანმა შეინარჩუნოს გავლენა სასამართლოზე. 

„იმდენად ჩქარობს „ქართული ოცნება“ ივანიშვილის უკვე გაცხადებული პოლიტიკური ნების დაკანონებას, რომ კლანმა შეინარჩუნოს გავლენა სასამართლოზე, რომ ფაქტობრივად მორიგ ჯერზე დაარღვია საკუთარი პირობა და ვენეციის კომისიის დასკვნის განხილვის გარეშე ჩატარდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა. შედეგი ნათელია, ჩვენც სამწუხაროდ მივიღებთ დაკანონებულ სტატუს-კვოს სასამართლოში, სტატუს-კვოს, რომლის მიმართაც სასამართლოში ნდობა არის კრიტიკულად და უაღრესად დაბალი,“-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

ყოფილი თანაგუნდელების არ სჯერა არც ეკა ბესელიას. "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლება უზენაეს სასამართლოში სასურველი მოსამართლეების დანიშვნას ცდილობს. 

„ვენეციის კომისია რა რეკომენდაციებს დაწერს, უკვე აპრიორი ჩანს, რომ ამ რეკომენდაციების გაზიარება არ მოხდება იმიტომ, რომ არის გეგმა, რომ როდესაც ეს 10 კაციანი სია ჩაუვარდა იუსტიციის საბჭოს და ეს გეგმა ვერ განვახორციელებინეთ და არ განვახორციელებინეთ, ახლა ყველაფრის ფასად ეს კანონი უნდა გაიტანონ, იმიტომ, რომ ეს არის გზა, მათთვის სასურველი მოსამართლეები გაიყვანონ უზენაეს სასამართლოში,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები