19 აპრილი 2024,   20:10
ვრცლად
“არა სიძულვილს" - საქალაქო სასამართლოსთან უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდამჭერი აქცია იმართება

“არა სიძულვილს,” – საქალაქო სასამართლოსთან უფლებადამცველ, ვიტალი საფაროვის ოჯახის მხარდასაჭერად აქცია იმართება. საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, თავისუფლების მოედანზე დაწყებული დაპირისპირების დროს მოკლეს. სასამართლოსთან მშვიდობიან აქციას იმ ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები მართავენ, სადაც უფლებადამცველად ვიტალი საფაროვი მუშაობდა. 

აქციაზე იმყოფება ვიტალი საფაროვის და, ლიკა საფაროვა. ის დამნაშავეების კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ არ იყოს სიძულვილი საქართველოში და ასეთი მსხვერპლი, როგორც დაემართა ჩემს ძმას, აღარ იყოს აქ. მინდა, რომ დაისაჯონ აბსოლუტურად ყველა, ვინც მიიღო მონაწილეობა ყველაზე ძლიერი მუხლით,“ - განაცხადა ლიკა საფაროვმა.

აქციის მონაწილეები საფაროვის ოჯახის წევრებს სოლიდარობას უცხადებენ და ქსენოფობიას ემიჯნებიან.

„გვინდა შევახსენოთ კიდევ ერთხელ საზოგადოებას, რომ დაუშვებელია რასიზმი, ქსენოფობია და გვინდა დავანახოთ ის შედეგები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ფაქტობრივად, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის სახით,“ - განცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ჩართულობისა და განვითარების ცენტრის” თავმჯდომარემ, აგიტ მირზოევმა.

საქალაქო სასამართლო უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვას დღეიდან იწყებს. ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 2 პირია დაკავებული.

ადვოკატ, ეკა ქობესაშვილის თქმით, დაცვის მხარემ დაამტკიცა, რომ საფაროვის მკვლელობა ქსენოფობიურ ნიადაგზე მოხდა.

„გავიგებთ ბრალდებულების პოზიციას, უნდათ მათ სასამართლომ განიხილოს საქმე მოსამართლის შემადგენლობით თუ უნდათ საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა. ჩვენ თავიდანვე მოვუწოდეთ პროკურატურას, წარვუდგინეთ მტკიცებულებები და დავუმტკიცეთ ის ფაქტი, რომ ეს იყო ქსენოფობიურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა, არაერთი მოწმე ამას ასახელებდა, ადასტურებდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს პროკურატურას არ აქვს დიდი გამოცდილება ქსენოფობიური დანაშაულების წარმოების, ვფიქრობ, რომ თავს იკავებენ გარკვეულწილად,“ - განაცხადა ადვოკატმა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები