25 აპრილი 2024,   05:11
ვრცლად
პროტესტი რუსთავში - აქციის ორი მონაწილე სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

რუსთავში, ჭყონდიდის დასახლების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ დღეს დილით პოლიციამ აქციის 2 მონაწილე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დააკავა. ამის  მიზეზი ქალაქის ცენტრში მშენებარე ციხის ღობის დაზიანება გახდა.

აქციის მონაწილეები ამ დრომდე დაკავების დეტალებს  არკვევენ. ისინი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და პარასკევისთვის მასშტაბურ პროტესტს გეგმავენ.

"კურიერს" შსს-ში განუმარტეს, რომ ორივე პირი პოლიციაში მხოლოდ გამოიკითხა და ისინი არ დაუკავებიათ.

„ როცა მანქანაში ჩასვეს, პირველ რიგში, მე გამიჩნდა  კითხვა. ვიცოდი არასრულწლოვანი რომ იყო , მშობელი აქ არავინ არ არის, უფლებადამცველი აქ არავინ არ არის, ადვოკატიც, იურისტიც აქ არავინ არ არის, აქედან გამომდინარე, ნებართვა არ ჰქონდათ სამართალდამცავებს, რომ წაეყვანათ და როცა ვკითხე, რომ უფლება ჰქონდათ თუ არა, რომ წაეყვანათ და ან საერთოდ, იცოდნენ თუ არა რამდენი წლის იყო, კონკრეტული პასუხი არ გამცეს და უსიტყვოდ და უპასუხოდ წავიდნენ,“- ყვება  აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

რუსთავში ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ. მათ კარვების აქცია მოაწყვეს.  პროტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც იუსტიციის მინისტრისგან მოისმინეს, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება და ციხე მაინც აშენდება. 

დღის ამბები