20 მაისი 2019,   09:40
ვრცლად
იძებნება კომპანია - ივანიშვილის "პანორამა თბილისის" მშენებარე კომპანია, რომელმაც ჩამოვარდნილ მუშებზე უნდა აგოს პასუხი "ბანკ ქართუშია" რეგისტრირებული

ბიძინა ივანიშვილის მილიარდიანი პროექტი შეჩერებულია - მას შემდეგ, რაც "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო 10 მეტრის სიმაღლიდან 3 მუშა ჩამოვარდა, დღეს ობიექტზე დამცავი ჯებირები კუსტარულად დაამონტაჟეს.

ვინ არის პასუხისმგებელი იმ ახალგაზრდების მძიმე მდგომარეობაზე, რომლებიც თავის ტრავმით და მრავლობითი დაზიანებებით კლინიკებში რჩებიან - ივანიშვილის "პანორამა თბილისს", კომპანია "ჯი თი დი ეფ სოლუშენი" აშენებს.  ამ სამშენებლო კომპანიის 100 პროცენტიან წილს კი საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი ფლობს, რომლის დირექტორიც ცოტნე ებრალიძეა.

ეს კომპანიაც "ბანკი ქართუს" ოფისშია რეგისტრირებული მისი მფლობელი კი პანამაში. ივანიშვილის ბანკის თანამშრომელმა საერთოდ ვერ გაიხსენა ვერც ერთი კომპანია. ვინ არის პასუხისმგებელი, სამი მუშის 10 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნაზე - ეს კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.

უკვე არსებობს შრომის ინსპექციის პირველადი დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ სტანდარტები პუშკინის სკვერში მიმდინარე მშენებლობაზე დაცული არ იყო. სავარაუდოდ სწორედ უხეში ხარვეზების გამო ინსპექტორებს დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ ობიექტზე და ტერიტორიაზე შეღწევა მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების აქტიურობის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

"პანორამა თბილისის" გარე ფასადის ლესვის დროს, 10 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნილი მუშები ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. მათ ქალა ტვინის დაზიანება და დაჟეჟილობები აღენიშნებათ. სამი მუშიდან ერთი, ისევ რეანიმაციაშია.

ეს არ არის "პანორამა თბილისის" მშენებლობაზე მომხდარი პირველი უბედური შემთხვევა. ერთი წლის წინ სოლოლაკის ქედზე გოლფის კლუბის მშენებლობისას 27 წლის ლევან ლაფაჩი გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ლაფაჩის გარდაცვალების ფაქტზე საქმე დახურულია. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ლაფაჩის დაღუპვა სამუშაოს მწარმოებლის, ინჟინერის და ოსტატ-ბრიგადირის მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია. გამოძიების ინფორმაციით, ოჯახს სრულად აუნაზღაურდა ზიანი და მათ ბრალდებულების მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ, რის შემდეგაც ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები