20 აპრილი 2024,   15:39
ვრცლად
აქცია წალკაში - აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები სახლების და მიწის ფართების გადაცემას ითხოვენ

აჭარიდან წალკაში ჩასახლებული მოსახლეობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სახლების და მიწის ფართების გადაცემას სთხოვს. წალკაში ჩამოსახლებული ეკომიგრანტები, რომელთა დიდ ნაწილს ეს სტატუსი დღემდე ოფიციალურად არ აქვს, წლების წინ საბერძნეთში დაბრუნებული ეთნიკურად ბერძენი მოსახლეობის კუთვნილ სახლებში შევიდნენ. თუმცა ბინის მფლობელები უკან დაბრუნდნენ და მათი კუთვნილი სახლების დაცლა მოითხოვეს. გამოსახლებულ ოჯახებმა ახლა ცხოვრება სხვა მიტოვებულ შენობაში უნდა გააგრძელონ თუმცა რა დრომდე ესეც უცნობია.

აჭარიდან ჩამოსახლებული მოქალაქეები ამბობენ,  რომ წლების წინ, ეროზირების საბუთით ჩამოსახლებულ ოჯახებს, თითო სახლი მისცეს. შემდეგ ოჯახები გაიყო და დანარჩენები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ. თუმცა ამტკიცებენ, რომ ერთი საბუთით რამდენიმე სახლის მიღების შემთხვევებიც არის და ამაში ხელისუფლების წარმომადგენლები უკანონოდ არიან ჩართულები.

საკუთარი პრეტენზიები 20-მდე სოფლის მცხოვრებლებმა დღეს წალკის ცენტრში, საპროტესტო აქციაზე გამოხატეს. მათ მერიამდე მსვლელობაც მოაწყვეს. ეკომიგრანტები ითხოვენ, რომ ხელისუფლება მიწისა და სახლების ყიდვაში დაეხმაროს. ისინი მთავრობას  პირველ მაისამდე აძლევენ რომ ეკომიგრანტების საკითხზე მომუშავე კომისია წალკაში ჩავიდეს და ვითარებას ადგილზე გაეცნოს.

წალკის მერიაში კი განმარტავენ, რომ ჩამოსახლებულებიდან ყველა ეკომიგრანტი არ არის და მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა მიზეზით, საკუთარი სურვილით დასახლდა წალკაში. მერის მოადგილის თქმით, სახლების შესყიდვის პროგრამა იმ ადამიანებზე ვრცელდება ვინც წარადგენს საბუთს, რომ დაზარალებულია რადგან მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობდა.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ეკომიგრანტები აქციებს გააგრძელებენ. მათი ნაწილი აჭარაში დაბრუნებასაც გეგმავს. ასევე არ გამორიცხავენ, რომ პერმანენტული აქციები თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გამართონ. 

დღის ამბები