თანხის მოცულობა, რომელსაც ბანკები რეზერვებად ინახავდნენ, გაიზრდება. ეს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციაა, რომელიც ძალაში დღეიდან შევა. უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნა ჯერჯერობით 28%-მდე უნდა გაიზარდოს. სებმა კომერციულ ბანკებს ახალი მოთხოვნა რისკების თავიდან აცილების მიზნით დაუწესა, თუმცა ახალმა რეგულაციებმა ახალი პრობლემები შესაძლოა, ბანკების კლიენტებს გაუჩინოს. დეპუტატები ოპოზიციიდან, რომლებიც ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკურ პრობლემებს კარგად იცნობენ ამბობენ, რომ ამის შედეგად უცხოურ ვალუტაში გასაცემი სესხის პროცენტი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ჩვენ გვჭირდება ზუსტად იმ ტიპის პოლიტიკა, რაც პირიქით ხელს შეუწყობდა ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკის ზრდას და ეროვნული ბანკის ყველა ნაბიჯი დღეს ამცირებს ბიზნესის აქტივობას, უძვირებს სესხებს როგორც ბიზნესს, ისე მოქალაქეებს და საბოლოო ჯამში ურტყავს ჩვენს კეთილდღეობას,“-განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ეროვნული ბანკის ახალ რეგულაციებთან მიმართებაში შენიშვნები აქვს ენმ-საც. ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით ბანკები ახალი რეგულაციების გამო იძულებულები გახდებიან საპროცენტო განაკვეთი გაზარდონ.
„მინიმალური სარეზერვო მოცულობის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ გაძვირდება კაპიტალის მოზიდვა ბანკებს, შეუმცირდებათ საბრუნავი რესურსი და ეს ყველაფერი კიდევ უფრო აისახება ისედაც მაღალ საპროცენტო განაკვეთებზე, რაც კიდევ უფრო დააწვება ჩვენს მოსახლეობას,“-განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.