19 აპრილი 2024,   05:19
ვრცლად
აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრა ამომრჩეველთან - ბეტო ო რურკიმ საემიგრაციო პოლიტიკასა და საკვდილით დასჯის გაუქმებაზე ისაუბრა

შეერთებულ შტატებში წინასაარჩევნო მარათონი აქტიურ ეტაპზე გადავიდა. ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დემოკრატიული პარტიიდან უკვე 18 პოლიტიკოსი იბრძვის. მათ შორისაა ყოფილი კონგრესმენი, 46 წლის ბეტო ო რურკი, რომელმაც პრეზიდენტობის სურვილი მარტში გამოთქვა და ორ კვირაში კამპანიისთვის 10 მილიონი დოლარიც მოაგროვა.

ბეტო ო რურკიმ წინასაარჩევნო შეხვედრა ვაშინგტონელ და ვირჯინიელ მხარდამჭერებთან ქალაქ ალექსანდრიაში გამართა. ტეხასელმა კანდიდატმა ადმინისტრაცია საიმიგრაციო პოლიტიკის, მათ შორის მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების განზრახვის გამოც გააკრიტიკა.

“დღეს პლანეტის ყველაზე მომაკვდინებელი ადგილებიდან გამორბიან და აკეთებენ იმას, რასაც ემი და მეც გავაკეთებდით, იგივე ჩვენს შვილებს რომ დამუქრებოდა. განსხვავებებს ჩვენ პატივისცემით და ტოლერანტობით ვუდგებით. გვესმის, რომ როგორც საზოგადოებას, ეს უფრო ძლიერს გვხდის, ხელს უწყობს ჩვენი შტატი უფრო წარმატებული და მთლიანად ქვეყანა მეტად უსაფრთხო და დაცული იყოს. ამ უსაფრთხოებას 30 მილიარდი დოლარის ღირებულების კედლით ვერ მოიპოვებ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავიღოთ ვალდებულება რომ აღარასოდეს წავართმევთ საზღვარზე მშობელს კიდევ ერთ ბავშვს და ნებისმიერ ფასად გავაერთიანებთ ამ განცალკევებულ ოჯახებს,”-განაცხადა ბეტო ო რურკიმ.

ბეტო ო რურკს დღეს შეკითხვა სასჯელის უმაღლესი ზომის - სიკვდილით დასჯის შესახებაც დაუსვეს. კანდიდატის მშობლიურ შტატში - ტეხასში სიკვდილით დასჯა ისევ მოქმედებს და განაჩენის აღსრულების რაოდენობით ის მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველ ადგილზეა. ო რურკმა თქვა, რომ ის სიკვდილით დასჯას ეწინააღმდეგება, რასაც მისი მხარდამჭერების აპლოდისმენტები მოჰყვა. ბეტო ო რურკი ამომრჩევლებს ჯანდაცვის საკითხების გამოსწორებას ჰპირდება. ასევე ის აპირებს გააუქმოს პრეზიდენტის განკარგულება, შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერთა სამსახურის აკრძალვის შესახებ. 

დღის ამბები