19 აპრილი 2024,   09:58
ვრცლად
სროლა სამეგრელოში - დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

სამეგრელოში დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ალიკა ლაგვილავას ოპერაცია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გვიან ღამით ჩაუტარდა. ორი ტყვია 28 წლის ახალგაზრდას გულის და მუცლის არეში აქვს მოხვედრილი. ის გუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში დაჭრეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ლაგვილავას თანასოფლელმა, ბეჟან გვაზავამ ესროლა. კონფლიქტს წინ შელაპარაკება უძღოდა, რაც სავარაუდოდ არჩევნებს უკავშირდება. 

არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი "ქართული ოცნების" შტაბის აქტივისტები არიან.  თუმცა ფაქტს უარყოფს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე. 

"დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა. შტაბის უფროსი ნამდვილად არ გახლავთ არავინ კონფლიქტის მონაწილე. ლევან გვაზავა არ არის შტაბის უფროსი და არც შტაბთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ პიროვნებას. ჩემი ინფორმაციით, გასროლა და დაჭრა მოხდა ქუჩაში, სადაც მახლობლად არის "ქართული ოცნების" შტაბი და ასევე დაჭრილი მამაკაცის სახლი,"-აცხადებს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწორია. 

შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებულს ეძებენ. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები