21 აგვისტო 2019,   10:05
ვრცლად
"მერვე დღეა შიმშილობს ადამიანი, მაგრამ საელჩო არ აკითხავს" - ბარსელონაში სპეცოპერაციისას დაკავებული ქართველები დახმარებას ითხოვენ 

ბარსელონაში ორი კვირის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მათი ნაწილი, დაახლოებით 30 ადამიანი, ამ დრომდე სადეპორტო განყოფილებაში რჩება. რამდენიმე მათგანი პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

"კურიერთან" საუბრის დროს ისინი ამბობენ, რომ მათთვის გაუგებარია დაკავების მიზეზი. ქართველი ემიგრანტები საკონსულოს მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.

"ყველას ესპანეთში უკანონო ყოფნას ედავებიან. ზოგი ადამიანი ბილეთიანია დაკავებული. ლეგალურად იყვნენ, ისეთებიც არიან დაკავებული. მერვე დღეა შიმშილობს ადამიანი. საელჩო არ აკითხავს. ეუბნებიან, რომ საელჩო საქმის კურსშია, მაგრამ არანაირი რეაგირება, ტელეფონს არ პასუხობენ,"-აცხადებს "კურიერთან" საუბრისას ესპანეთში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი. 

ბრალდებას უარყოფენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ კონსულმა დეპორტისთვის გამზადებული პირები რამდენჯერმე მოინახულა. ბარსელონაში დაკავებულებს საქართველოში სავარაუდოდ 25 აპრილს გამოამგზავრებენ

"კონსულს კონტროლზე აქვს აღნიშნული პირების მდგომარეობა. იგეგმება მათ გამომგზავრება სავარაუდოდ 25 აპრილს საქართველოში. ასეთი ტიპის სადეპორტო დაწესებულებები ევროპულ ქვეყნებში არის შესაბამისი სტანდარტების, რაც საერთაშორისო სტანდარტებით არის დაშვებული. ზუსტად იგივე პირობებია ყველა მოქალაქისთვის. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებზე. ანუ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც სადეპორტო განყოფილებაში იმყოფება, თანაბარი პირობებით სარგებლობს,"-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა

დღის ამბები