25 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
გიორგი ქობულიას თანამდებობიდან მოულოდნელი გადაყენება - დეპუტატები პრემიერისგან განმარტებებს ითხოვენ

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თანამდებობიდან მოულოდნელი გადაყენება -  დეპუტატები პრემიერ-მინისტრისგან განმარტებებს ითხოვენ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ საკადრო ცვლილებები მთავრობაში გაგრძელდეს.

„ხელისუფლების მიმართ უაღრესად ნეგატიური დამოკიდებულების გამო, საზოგადოება ფაქტობრივად აიძულებს ხელისუფლებას გადადგას რაღაც ნაბიჯები, ოღონდ ეს ნაბიჯები არ არის ადეკვატური და ისინი ამ შემთხვევაში პაიკებს წირავენ. სწორედ ასეთ ფიგურების ცვლა არის მოსალოდნელი,“-აცხადებს სერგო რატიანი.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარს პირადად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას უწოდებენ.

„ნებაყოფლობით ქართული ოცნების“ გუნდში მინისტრები არ მიდიან და არ მოდიან. ეს გადაწყვეტილებები მიიღება შუშის სასახლეში, ბიძინა ივანიშვილის მიერ,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.

გიორგი ქობულიას გადაყენებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ, „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულ დეპუტატებსაც. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ქობულიას გადაყენებამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული საკითხის ჩაღრმავებას, ბევრი სკანდალური ინფორმაციის გამჟღავნება მოჰყვეს.

„ამ გადაყენებამ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა და მე ვფიქრობ, რომ თუ სიღრმეებში შევალთ, შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო და სკანდალური რამ აღმოვაჩინოთ. პრემიერ-მინისტრმა უნდა სცეს პარლამენტს პატივი, უნდა მოვიდეს და თქვას, რატომ გადააყენა გიორგი ქობულია,“-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.

კანონმდებელთა ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავას დანიშვნას.

ამავე თემაზე
დღის ამბები