20 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
„ლომჯარიას რეკომენდაციას კი არა, შეიძლება მოციქულის რეკომენდაციასაც აღარავინ მოუსმინოს"-პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტს კენჭს უყრის

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს პარლამენტი კენჭს დღეს მეორე მოსმენით უყრის. 

მანამდე კანონმდებლების წინაშე ევროპელი ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით საკუთარ მოსაზრებას წარმოადგენს სახალხო დამცველი. ეს პირველი შემთხვევაა როცა ომბუდსმენი საკანონმდებლო ორგანოში თავისი ინიციატივით მიდის.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს რეალური ცვლილების გარეშე დაამტკიცებს.

„ილუზია და მოლოდინი არ გვაქვს, რომ სრულად იქნება ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული. იმიტომ რომ არ გვაქვს ილუზია, რომ ივანიშვილის უკვე გაცხადებულ პოლიტიკურ დამოკიდებულებას სასამართლოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" შეეწინააღმდეგება,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.

უმრავლესობის მხრიდან რეკომენდაციების გათვალისწინებას არ ელოდება „ნაციონალური მოძრაობაც“. პარტიაში ამბობენ, რომ მმართველ გუნდს ივანიშვილისგან დავალება აქვს მიღებული და ამ კურსს არ გადაუხვევენ.

„მას აქვს დავალება უკვე მიღებული ივანიშვილისგან, რომ ხელიდან არ გაექცეს სასამართლო სისტემა იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე მძლავრი ბერკეტი როგორც საბოლოო ინსტანცია რა გადაწყვიტოს მათთვის სასარგებლო საკითხი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატები კი თვლიან, რომ ომბუდსმენის გამოსვლას პარლამენტში ფორმალური მხარე ექნება, რადგან მმართველი გუნდი ნინო ლომჯარიას არც ერთ რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს.

„ლომჯარიას რეკომენდაციას კი არა, შეიძლება მოციქულის რეკომენდაცია აღარავინ აღარ მიიღოს რომელიმესი. ამიტომ ლომჯარიას მოსმენა იქნება უმრავლესობისთვის ფორმალური, ჩვენთვის საინტერესო. იმიტომ, რომ გვაინტერესებს როგორ უყურებს სახალხო დამცველი ამ პროცესს,“-განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მმართველ გუნდში ოპოზიციის ბრალდებებს არ იზიარებენ. დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ ომბუდსმენის ანგარიში მმართველი გუნდისთვის საინტერესო იქნება. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ვენეციის კომისიის ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იქნა გაზიარებული.

„იყო ყველა ის რეკომენდაცია გათვალისწინებული და გაზიარებული, რომელიც შეესაბამებოდა კონსტიტუციას. ხოლო ის რაც კონსტიტუციის ფარგლებიდან გადის და პოლიტიკურ ხასიათს იძენს, ამ რეკომენდაციის გაზიარებაზე იქნა უარი ნათქვამი,“-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები