20 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
ტვინის შერყევა და სხეულის ტრავმა - "ლიბერთი ბანკზე" ყაჩაღური თავდასხმისას დაშავებულები კლინიკაში რჩებიან 

„ლიბერთი ბანკის“ ვარკეთილის ფილიალის დაყაჩაღების დროს დაშავებულ ორი ქალბატონი კვლავ კლინიკა „ანტელ ჰოსპიტალში“ რჩება. მათ ბლაგვი საგნით თავის არეში მიყენებული დაზიანებები აქვთ. მკურნალი ექიმის განცხადებით, ორივეს შემთხვევაში იკვეთება თავის ტვინის შერყევა. დაზარალებულებიდან ერთ-ერთი ბანკის დამლაგებელია

„იძახიან, რომ ბანკში უცნობმა პირმა ორივეს თავში ჩაარტყა უკნიდან რაღაც ბლაგვი საგანი. ერთი ქალბატონი დაეცა, მიიღო სხეულის ტრავმაც. მეორე ქალბატონი გაბრუებულია. ამჟამად არიან გამოკვლევების სტადიაში. სავარაუდოდ ორივესთან იკვეთება თავის ტვინის შერყევა. გადაღებული აქვთ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია. ორივეს აქვს კეფის მიდამოში მიყენებული ჭრილობა ბლაგვი საგნით,“-განაცხადა ”ამტელ ჰოსპიტალის” ნეიროქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბესიკ წივწივაძემ.

"ლიბერთი ბანკის" ვარკეთილის ფილიალში ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა მიმდინარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.

„მოვიდნენ კამერები ნახეს, ათვალიერებდნენ და წავიდნენ,“-აცხადებენ ბანკის მიმდებარედ მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში.

მოსახლეობა ამბობს, რომ  პოლიციამ გამოიკითხა ყველა შესაძლო თვითმხილველი.

„არაფერი არ დამინახია მარტო ის გავიგე რომ ერთმანეთში საუბრობენ და როგორც კი ბანკი გაიხსნა შევიდნენ. ნიღბიანები იყვნენ. ორი სამიო,“-ამბობენ თვითმხილველები.   

უცნობია მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა ფულის წაღება. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

დღის ამბები