ჩამოშლილი მიწა ჭავჭავაძის გამზირზე და ორი გარდაცვლილი მუშა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ხიმინჯ სერვის 2-ის" დირექტორი დააკავა. საგამოძიებო უწყება ოთარ ცნობილაძეს უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება.
შსს-ის ინფორმაციით, "ხიმინჯ სერვის 2-ის" მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს. უწყების ცნობით, დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.
„მიმდინარე წლის 31 მარტს, შპს "ხიმიჯ სერვის 2"-ს მიერ მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ს მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.
გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებული მტკიცებულებებით კი გამოიკვეთა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შპს "ხიმინჯ სერვის 2"-ის დირექტორს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს,“ - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ვაკეში, ყოფილი ლეჩკომბინატის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისას მიწა რამდენიმე კვირის წინ ჩამოიშალა. შემთხვევას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული.
ჭავაჭავაძეზე კლინიკის ასაშენებლად ტერიტორიის მფლობელმა სამშენებლო კომპანია „ტრანსმშენი“ დაიქირავა. „ტრანსმშენმა“ კი საძირკვლის გამაგრება „ხიმიჯ სერვისს“ დაუკვეთა, რომელსაც ოფიციალურად არ ჰქონდა რეგისტრაცია საფრთხის შემცველი სამუშაოების ჩატარებაზე.