21 აგვისტო 2019,   06:00
ვრცლად
კარვების ქალაქი მონპელიეში - დავით ზალკალიანი ქართველ ემიგრანტებს მოუწოდებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს გაუფრთხილდნენ

მონპელიეში შეკრებილი საქართველოს მოქალაქეების პრეტენზიებს საქართველოს მთავრობა პასუხობს. საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებლებს მოუწოდებს, საკითხს გაგებით მოეკიდონ.

ზალკალიანის თქმით, დევნილის სტატუსის მიღების მსურველები საკუთარი ქმედებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხს საფრთხის ქვეშ აყენებენ.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე, რომ ახალი ინიციატივები იყოს გაჟღერებული იმისთვის, რომ მოხდეს პრევენცია თავშესაფრის ზრდასთან დაკავშირებით. შესაბამისი კანონმდებლობა იყო მიღებული პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარლამენტარები ამაზე ისაუბრებენ. ანუ კრიმინალიზაცია ხდება იმ ადამიანების, ვინც ორგანიზებას უწევენ, ასე ვთქვათ, არამართლზომიერად ამ ადამიანების გაყვანას თავშესაფრის მაძიებლის მოთხოვნის კუთხით.

"ყველას მოვუწოდებ, რომ გაგებით მოვეკიდოთ, გავუფრთხილდეთ ამ ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრეს მონაპოვარს. აქ მოგებული და წაგებული არ იქნება. აქ ქვეყანა დამარცხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა,“- განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ უკვე სამი თვეა ქალაქ მონპელიეს ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს კარვები აქვთ გაშლილი.  ქართველი ემიგრანტები,  რომლებიც სამშობლოდან უკიდურეს გაჭირვებას გაექცნენ, დევნილის სტატუსს ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის. აქციის მონაწილეების  თქმით,  მათთვის ცხოვრება საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა.

დღის ამბები