25 აპრილი 2024,   04:55
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის დირექტორი მრჩეველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით გადააყენა - მის შემცვლელად აჭარის საარჩევნო კომისიის წევრი მოიაზრება

აჭარის ტელევიზიის დირექტორი მრჩეველთა საბჭომ ხმათა უმრავლესობით გადააყენა. ნათია კაპანაძემ მრჩეველთა საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას დაუკავშირა.

კაპანაძე უკვე პირდაპირ ამბობს, რომ თანამდებობიდან იმ ადამიანების მოთხოვნით გადააყენეს, ვისთვისაც ტელევიზიის ეთერში ხელისუფლება კრიტიკა მიუღებელია. ნათია კაპანაძე დავას უკვე სასამართლოს გზით გააგრძელებს. მის ინტერესებს საია დაიცავს.

ნათია კაპანაძის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა წამოიწყო. გიგა ჩხარტიშვილმა, რომელიც საბჭოში ”ქართული ოცნების” კვოტით დაინიშნა და ”ნაციონალური მოძრაობის” კვოტით დანიშნულმა ირაკლი დარცმელიძემ, რომელსაც ოპოზიციური პარტია გაემიჯნა.

მათ საბჭოს კიდევ ორი წევრის დარწმუნება შეძლეს იმაში, რომ მაუწყებლის დირექტორი ცუდი მენეჯერია. კაპანაძის იმპიჩმენტს საბჭოს მხოლოდ ერთი წევრი შეეწინააღმდეგა.

სამოქალაქო სექტორი ფიქრობს, რომ დირექტორის იმპიჩმენტი პოლიტიკურად მართული პროცესი იყო და ერთი მედია საშუალების პრობლემას ცდება. არასამთავრობოებმა ღიად თქვეს, რომ ნათია კაპანაძე, როგორც დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის დამცველი, მაუწყებელს განგებ ჩამოაშორეს.

ხმაურიანი სხდომის პარალელურად, აჭარის ტელევიზიაში ოპერატორები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ, პრეტენზიების მთავარი ადრესატი კი ნათია კაპანაძე იყო.

პოლიტიკური ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ აჭარის მაუწყებელში განვითარებული პროცესები მართულია. თუმცა მმართველი პარტია ირწმუნება, რომ დამოუკიდებელი მედია მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი 10 დღეში გამოცხადდება. მედიაში უკვე ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია, რომ ამ პოსტისთვის თორნიკე მჟავანაძე ემზადება, რომელიც აჭარის საარჩევნო კომისიის წევრია.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები