19 აპრილი 2024,   20:00
ვრცლად
გავლენისთვის ბრძოლა „ოცნების“ შტაბში და დაჭრილი აქტივისტი - გარჩევა, სავარაუდოდ, დაფინანსების გადანაწილებას უკავშირდება

სროლა „ქართული ოცნების“ შტაბში და დაჭრილი აქტივისტი - „კურიერის“ ინფორმაციით, სოფელ გრიგოლიში მომხდარი სისხლიანი გარჩევა პარტიული ფინანსების გადანაწილებას უკავშირდება.

შიდა პარტიული დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. თვითმხილველების თქმით, 28 წლის ალიკ ლაგვილავას მათივე თანასოფლელმა, მმართველი გუნდის აქტივისტმა ბეჟან გვაზავამ ესროლა.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ჩხუბი გავლენებისთვის ბრძოლას მოჰყვა. ისინი იხსენებენ, როგორ ემუქრებოდნენ გასროლამდე ერთმანეთს "ქართული ოცნების“ აქტივისტები.

ალიკ ლაგვილავას მმართველი პარტიის აქტივისტმა ჯერ შენობაში ესროლა. ამის შემდეგ ახალგაზრდებმა კამათი გარეთ განაგრძეს და საბოლოოდ ინციდენტი 28 წლის ახალგაზრდის დაჭრით დასრულდა.

ალიკ ლაგვილავას ორი ტყვია გულისა და მუცლის არეში მოხვდა. მას სასწრაფო ოპერაცია ზუგდიდის საავადმყოფოში გაუკეთეს, მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ პაციენტს თირკმლის ამოღება დასჭირდა. დაზიანებული ჰქონდა კუჭი და ფილტვიც. „ქართული ოცნების“ აქტივისტი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია.

დაჭრილის მეზობლების თქმით, გვაზავა ხშირად გადაადგილდებოდა იარაღით, მათ შორის შტაბშიც და ამის შესახებ ყველამ იცოდა.

„ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ, რომ გვაზავა მათი შტაბის წევრია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერი იყოს.

ავტორი: ემა გოგოხია.

ამავე თემაზე
დღის ამბები