25 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი მონპელიეში ჩავიდა და საქართველოს მოქალაქეების პრობლემების შესახებ მოისმინა

მიხეილ სააკაშვილი მონპელიეში ჩავიდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საფრანგეთის ქალაქში იმ საპროტესტო აქციაზე მივიდა, რომელიც თავშესაფრის მომლოდინე ქართველებმა გამართეს.

კარვების ქალაქის მობინადრეებმა, რომლებიც მონპელიეს ცენტრში საფრანგეთის საჯარო უწყებებთან შეიკრიბნენ და მათი უფლებების დაცვა მოითხოვეს, საკუთარი პრობლემების შესახებ სააკაშვილს უამბეს და დახმარების თხოვნით მიმართეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ამ მოქალაქეების დახმარება. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ ემიგრანტებისთვის კვალიფიციური იურისტი აიყვანონ, რომელიც მათი საქმეების განხილვას შეძლებს. მიხეილ სააკაშვილი მათ იურისტის აყვანას დაჰპირდა. 

„ესპანეთში დაიჭირეს ქურდები, ქურდებს ფული ჰქონდათ, რომ ადვოკატები აეყვანათ, ჩვეულებრივ ხალხს დამცველი არავინ ჰყავს, ჩვეულებრივ ხალხს საქართველოში ძალით დეპორტით უშვებენ, გერმანიაში იღებენ კანონს დაჩქარებული დეპორტის. რეალობა არის ისეთი, რომ ეს ხალხი ელემენტარულად დაუცველია. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი გამოდიოდა, რომ ჩვენ ვაკეთებთ პრევენციას, რომ ამ ხალხს არ ჰქონდეს თავშესაფარი. საქართველოს მთავრობა აღიარებს, რომ აქ დადის და დაჩალიჩობს, რომ ამ ხალხმა არ მიიღოს სტატუსი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ქალაქ მონპელიეს პრეფექტურის შენობიდან სააკაშვილი კარვების ქალაქში გადაინაცვლებს და ნახავს, თუ რა პირობებში ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები. 

ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ სტატუსის მინიჭება და პროცედურები მას შემდეგ გართულდა, რაც საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტით სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დაასახელა.

"სალომემ დატოვოს საქართველო საერთოდ,“ - აცხადებენ საქართველოს მოქალაქეები.

 
დღის ამბები