23 სექტემბერი 2019,   01:13
ვრცლად
ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს

ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს და პატრიარქის ფონდში სამუშაოდ ბრუნდება.

ამის შესახებ ლაჟა ჟვანია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“რთული პერიოდი გავიარე ქვეყნის მეთაურთან ერთად; ახალი კონსტიტუციით განსაზღვრული პრეზიდენტის უფლებამოსილებებისა და საქმიანობის კალაპოტში ჩასმა, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებთან და მთლიანად, საზოგადოებასთან ურთიერთობების საფუძველის მოწყობა. ყველაზე მტკივნეული ჩემთვის რეორგანიზაცია და კადრების შემცირება იყო. ახლაც ვფიქრობ ზოგიერთ ძვირფას მოხელეზე, რომლებიც ადმინისტრაციამ დაკარგა... პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტები და უმაღლესი დონის შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის რეალური დამცავი ფარია, ჩემთვის ჩვეული და სასიამოვნო გამოწვევა იყო. ყველა ვიზიტის დროს სახელმწიფო მეთაური აჟღერებდა იმ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტისთვის სისხლნარევი ცრემლით ლოცულობს ჩვენი ქვეყნის მუხლჩაუხრელი სულიერი მამა,” - წერს ჟვანია და აღნიშნავს, რომ არ აქვს მნიშვნელობა საიდან ემსახურება ქვეყანას, "მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს".
 
ის წერს, რომ მის "რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს" მარტში მიმართა, რათა 
"მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს" გაეთავისუფლებინა და ეს დრო, როგორც ჟვანია აღნიშნავს, 1 მაისია. 
 
ლაშა ჟვანია წერს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნისას პატრიარქმა ის, მისი თხოვნის მიუხედავად, ფონდიდან არ გაათავისუფლა და ახლა ამ ფონდში თავის პოსტზე დაბრუნდება.   

"პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან. ახალი დავალებაც გვაქვს - ფონდი ორიენტირებული იქნება რეგიონებში, საპატრიარქოს მონასტრებთან მეწარმეობის განვითარებაზე, ახალგაზრდების ჩართულობაზე, სწავლებაზე, მომზადებასა და ხელშეწყობაზე. კონკრეტულ პროგრამას წარვუდგენთ ფონდის მმართველ საბჭოს," - წერს ლაშა ჟვანია. 

ის მადლობას უხდის პრეზიდენტს და ჰპირდება, რომ "როგორც ადრე, არც მომავალში, ჩემი ეკლესიის ტკბილ მეთაურთან მუშაობის დროს, დავიშურებ ჩემს სიყვარულით სავსე, მართალ სიტყვას და თავდადებას ჩემი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ".

"დიდი სოლომონ ბრძენის, ღვთისგან თავმდაბლად თხოვნის შედეგად მიღებულ გონიერ გულს გისურვებთ ყოველ გადაწყვეტილებასა და ქმედებაში მრავალგზის ცილწამებულო, მაგრამ ქვეყნისთვის ყველა დაბრკოლებაზე მაღლა მდგომო პრეზიდენტო, რათა გაარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი და თქვენი სახელმწიფოს მეთაურობით, ოთხი დღის უიმედოდ დატირებული ლაზარესავით აღდგეს საქართველოს დიდება და ჩვენი საზოგადოების თითოულმა წევრმა იგრძნოს სიკეთე პირველი ქალი პრეზიდენტის მეთაურობის, რათა ისრაელის კიდევ ერთი წმიდა დიდი მეფე დავითის დარად ერთსულვნად, თქვენი თაოსნობით გვეთქვას - "უფალი მეფობს!” - წერს ჟვანია.

 

დღის ამბები