23 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
საპროტესტო აქცია ნუცუბიძის N26-ში - მოსახლეობის ნაწილი 22-სართულიანი კორპუსის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

მორიგი საპროტესტო აქცია ნუცუბიძის 26 ნომერში - მოსახლეობის ნაწილი 22-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვს.

აქციას სამოქალაქო მოძრაობის თავჯდომარე, ალეკო ელისაშვილი, შეუერთდა. მისი თქმით, კორპუსის აშენება კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს.

„აქ არ შეიძლება ამ კორპუსის აშენება. ორ კორპუსს შორის ან როგორ უნდა ააშენო, ზემოდან ხომ არ უნდა ჩამოსვან კორპუსი? ეს არის ამ ქალაქის მტრობა, რაც დაიწყო და რაც გრძელდება. კალაძეს როგორ არ რცხვენია, ძალიან მაინტერესებს. ეს სამშენებლო ნებართვა ვინც გასცა, ის არის ქალაქის მტერი,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მცხოვრებელთა მეორე ნაწილი კი კორპუსის მშენებლობას მოითხოვს. მათ იმედი აქვთ, რომ მერიის მიერ წლების წინ დაპირებულ ბინებს ამ კორპუსში მიიღებენ.

„როგორც იქნა, დაადგა საშველი და გამოვიდა ეს დალოცვილი ნებართვა, რომ აშენდეს და ჩვენც რაღაც გვეღირსოს და გამოვიდნენ და დამიწყეს საპროტესტო აქციები, ჩვენ აბასთუმანი, ტყე და ჩიტების ჭიკჭიკი გვინდა აქაო,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

დღის ამბები