23 აპრილი 2024,   23:51
ვრცლად
ზუგდიდში ინტოქსიცირებული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში ინტოქსიცირებული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ზუგდიდში ერთ-ერთ ბინაში 10 ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, ამტკიცებს, რომ ისინი მისი შვილები არიან. თუმცა, გამოძიების თანახმად, გამოიკვეთა, რომ 10 ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული. სწორედ ამის გამო დაიწყო შსს-მ უკრაინელი მოქალაქის მიმართ ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება.

საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი ბავშვების ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას გეგმავდა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოსული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი. სამინისტროს ხელთარსებული დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

"10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. 

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ზუგდიდში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა, ყველაზე უფროსი კი 11 წლის არის.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმის ინფორმაციით, არასრულწლოვნებს ღებინება და ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ. მისივე თქმით, ბავშვებს შორის 5-6-თვიანი ასაკობრივი სხვაობაა.

ადგილობრივების თქმით, ბავშვები მთელი დღის განმავლობაში ტიროდნენ, რის შემდეგაც მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

დღის ამბები