24 აპრილი 2024,   18:50
ვრცლად
ტერორი ხელისუფლების ხელწერა ხდება - 55 წლის ზვიად მთავრიშვილის ოჯახს ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების ეშინია

ტერორი ხელისუფლების ხელწერა ხდება - ოცნება საქმეების გახმაურების შემდეგ იმ ხალხის დევნას იწყებს, ვინც სისტემის მსხვერპლი გახდა. ამის ნათელი მაგალითია ოჯახი კაჭრეთიდან. ზვიად მთავრიშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ 55 წლის მამაკაცი პოლიციაში სასტიკად სცემეს.

55 წლის ზვიად მთავრიშვილისთვის თავის არეში მიყენებული დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა. ოჯახი ამტკიცებს, რომ მთავრიშვილი პოლიციის განყოფილებაში სცემეს, რის გამოც გემატომა განუვითარდა და ოპერაციის შემდეგ მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

55 წლის ზვიად მთავრიშვილი კაჭრეთის პოლიციაში ოჯახური კონფლიქტის გამო გადაიყვანეს. და-ძმის კამათის დროს ბიძის შესაშინებლად დისშვილმა სამართალდამცველები გამოიძახა, სატელეფონო საუბრის დროს, სავარაუდოდ, პოლიციამ გინების ხმა გაიგო. ივარაუდეს, რომ მთავრიშვილი მათ აგინებდა, ამიტომ სახლში უკვე აგრესიულები მივიდნენ და მთავრიშვილი პირდაპირ პოლიციაში გადაიყვანეს.

პოლიციის განყოფილებიდან ნაცემი მთავრიშვილი სახლში გამოუშვეს, მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ პოლიცია სკანდალს მოერიდა და ნაცემი მთავრიშვილი სახლში გაუშვა.

ვიდრე თავის არეში მიყენებული დაზიანების გამო გემატომა განვითარდებოდა და ზვიად მთავრიშვილი გონებას დაკარგავდა, მეზობლებს და ოჯახის წევრებს უთხრა, რა ვითარებაში აწამეს.

კაჭრეთში ყვებიან, რომ პოლიციაში ჰყავთ სადამსჯელო რაზმი, რომელსაც პატიმრებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის იყენებენ. მთავრიშვილი შემთხვევაში მან თანასოფლელებს უთხრა, რომ პოლიციამ ის ჯალათს აცემინა.

მთავრიშვილი ოჯახის ახლა ტერორის ქვეშ ცხოვრობს. და საჯარო მოხელეა, მეზობლები ყვებიან, რომ მას სამსახურიდან გაგდებით ემუქრებიან, თუ მძიმე თემაზე საუბარს გააგრძელებს.

კურიერის გადამღები ჯგუფი სოფელ კაჭრეთში რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა, ზვიად მთავრიშვილის გარდაცვალების დღეს სოფელი მომხდარზე თამამად საუბრობდა. ხმაურიანი ინტერვიუების შემდეგ აქ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები გამოჩნდნენ, რომელებიც ხალხს გაჩუმებას აიძულებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე დიდი ხანია, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზე საუბრობენ. მათი შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ამ მხრივ გურჯაანის პოლიციაშია, სადაც მოხვედრილი ადამიანი უმეტეს შემთხვევაში ნაცემი გამოდის.

ზვიად მთავრიშვილის საქმეს კახეთის საოლქო პროკურატურა იძიებს. მოკვლევა უკვე ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციამ და პოლიციელების ქმედებაში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი აღმოაჩინა.

დღის ამბები