19 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
შსს-ს მონაცემებით, პანკისში შეტაკებებისას 27 ადამიანი დაშვდა, მათგან 15 სპეცრაზმის თანამშრომელია

პანკისში დაპირისპირების შედეგად ჯამში, 27 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 12 ადგილობრივი, 15 კი სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყებაში ცოტა ხნის წინ სპეციალური ბრიფინგი ჩატარდა. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით, უწყება საგანგებო მუშაობის რეჟიმზეა გადასული. 

"როგორც მოგეხსენებათ პანკისის ხეობაში დღეს განახლდა 5 მეგავატიანი მცირე ჰესის მშენებლობა. უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დილიდან მობილიზებულია პოლიციის შესაბამისი ძალები.

"ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის მონაწილეებმა.

"მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს, რომელიც კანონის ფარგლებში მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით. საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

"ამ დროისთვის, ჩვენი ინფორმაციით სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 27 ადამიანს, მათ შორის 12 ადგილობრივს და 15 სპეცდანიშნულების თანამშრომელს. დაშავებული შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის აქტიურ რეჟიმზეა გადასული და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია,"-განაცხადა მამუკა ჭელიძემ. 

 

დღის ამბები