25 აპრილი 2024,   08:37
ვრცლად
ჩამოშლილი მთის ფერდობი, დატბორილი სოფლები, ღვარცოფი - ჰესების მშენებლობა საქართველოს მასშტაბით და მოსახლეობის პროტესტი

პანკისელები ხელისუფლებას უკვე რამდენიმე თვეა ჰპირდებიან, რომ მათ მიწაზე რიგით მესამე ჰესის აშენების უფლებას არავის მისცემენ. პანკისელები მდინარე ალაზანზე დაგეგმილი სამი ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ და ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლობასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

პანკისელები ამბობენ, რომ „ხადორი სამის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, უკვე აშენებული ჰესების გამო დაბინძურებულ და შემცირებულ სასმელ წყალს, ისედაც ცოტა საძოვარი მიწის საერთოდ განადგურებას გამოიწვევს.

ის, რაც დღეს პანკისში დღეს იხილა საზოგადოებამ,  ერთი წლის წინ გამოიარეს სვანებმა. მესტიაჭალაჰესის მშენებლობა ერთი ადამიანის ქცევამ დროებით შეაჩერა. რვა თვის ორსული მაგდა გულედანი მძიმე ტექნიკის და სპეცრაზმის წინ დაწვა და მიწაზე ექვსი საათი გაატარა. მოლაპარაკებაზე მაშინაც შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა.

სვანეთში უკვე საკუთარი თვალით ნახეს და დარწმუნდნენ, რა მოაქვს მათთვის ჰესებს. ჭუბერის თემში 5 ივლისს მოვარდნილმა ადიდებულმა მდინარემ მოსახლეობის კარ-მიდამო დატბორა, გაიტაცა შინაური ცხოველები და საცხოვრებელი სახლები.

უხვმა ნალექმა ოკრილის მთას ფერდობი მოსწყვიტა, რომელიც მდინარეში ჩაიშალა და მისი დაგუბება გამოიწვია. რამდენიმე საათის შემდეგ, წყალმა ზღუდე გაარღვია და ღვარცოფმა ხეობის სოფლებს გამანადგურებელი ძალით გადაუარა.

კიდევ ერთი კატასტროფა მოხდა ნენსკრაში, როცა ჰესის მშენებლობისას ზვავი ჩამოწვა და მუშების გამოყვანა მხოლოდ სამი დღის შემდეგ მოხერხდა. ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ აჭარაშიც, სოფელ ქედქედში.

გასული წლის მარტის თვეში, ჰესების წინააღმდეგ პროტესტი პანკისში, სვანეთსა და იმერეთში ერთდროულად იმართებოდა. ამის პარალელურად, კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს სამი მასშტაბური ჰესის მშენებლობა აქვს დაგეგმილი. ჰესები სამცხეში მტკვარზე, რაჭაში რიონზე და სვანეთში ცხენისწყალზე უნდა აშენდეს.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

 

 

დღის ამბები