19 აპრილი 2024,   01:38
ვრცლად
ხელისუფლების პროვოკაცია, რამაც სახელმწიფო ბეწვის ხიდზე გაატარა - მელია პანკისში მომხდარ დაპირისპირებაზე

ხელისუფლების პროვოკაცია - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, გუშინ, პანკისის ხეობაში მომხდარ დაპირისპირებას.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ხეობის მცხოვრებელთა უმრავლესობა ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. დეპუტატი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა კომპანიამ გუშინ დილით ხეობაში შესვლა და ჰესის მშენებლობის დაწყება. 

„გუშინდელი დღე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია მოწყობილი ხელისუფლების მხრიდან. ბეწვის ხიდზე გაიარა გუშინ სახელმწიფომ. მეორე წელია ხელისუფლებამ იცის მშვენივრად,რომ კატეგორიულად წინააღმდეგია პანკისის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჰესის მშენებლობის.ამიტომაც იყო მშენებლობა შეჩერებული.

წარმოიდგინეთ, დაწყობილი არიან მთელი ძლიერი ამა ქვეყნისანი "ქართული ოცნების" რიგებიდან და საუბრობენ ერთადერთი გზავნილით,რომ თითქოს არ გამორიცხავენ,რომ გუშინდელი დღე იყო პროვოცირებული. და რომელიღაცა ძალამ, უხილავმა ძალამ, იქნებ ეს გამოიყენა სათავისოდო. ასეთ ცინიზმსაც ბედავენ, როცა მშვენივრად იცოდნენ, რომ იქ, მით უფრო სპეცრაზმით შესვლა, ამ ყველაფერს გამოიწვევდა,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდანბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

დღის ამბები