21 აგვისტო 2019,   21:04
ვრცლად
დაკავებების მოლოდინში - პანკისელები შს მინისტრის მუქარას, მუქარითვე პასუხობენ 

პანკისის ხეობის მაცხოვრებლები შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელ მუქარას, მუქარითვე პასუხობენ. ადგილობრივების თქმით, თუ პოლიციამ დაკავებების სერია დაიწყო, პანკისელები კიდევ ერთხელ გამოვლენ ქუჩაში, ამჯერად საკუთარი თანასოფლელების დასაცავად.

პანკისის ხეობაში ამბობენ, რომ თუ ხელისუფლებას სიმშვიდე სურს, დაკავებები უნდა შეწყვიტოს. პანკისის ხეობის მკვიდრი, ლეილა აჭიშვილი ხელისუფლების გუშინდელ ქმედებას აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანა და ძალის გამოყენება შესაძლოა, იყოს პროვოკაცია, რომელიც ვითარების დაძაბვას ემსახურება.

„გუშინ, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა, ეს იყო დიდი შეცდომა. თავის ხალხს არ უნდა ელაპარაკოს ტყვიების და გაზის ენით, იმიტომ, რომ რა დავაშავეთ ჩვენ, რატომ გახდა საჭირო სპეცრაზმის შემოყვანა. ბევრჯერ აღვნიშნე, რომ ძალიან ნაკლებად აქვს კომუნიკაცია ხელისუფლებას ხალხთან. გარკვეულ ჯგუფებთან შეხვედრა ვერ მოიტანს ვერაფერ სარგებელს, შეხვედროდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, ჰქონოდათ ჩვენთან კომუნიკაცია, იქნებ გაგვეგო რას გვეუბნებიან და იქნებ წამოვსულიყავით იმ პირობებზე ნაწილობრივ მაინც, მომხდარიყო კომუნიკაცია ჩვენს შორის და დადებითად გადაწყვეტილიყო, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ეს იყო ბრძოლის ველი, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რაც არავინ ინტერესში არ შედიოდა,“ - ამბობს აჭიშვილი.

ხელისუფლების ქმედებები მოულოდნელი რომ იყო პანკისის ხეობაში მცხოვრებთათვის, ამაზე საუბრობს სამოქალაქო აქტივისტი, სულხან ბორძიკაშვილი. მისი თქმით, პანკისის ხეობაში სამართალდამცავების დიდი რაოდენობის მობილიზებამ, მოსახლეობაში აგრესია გამოიწვია.

„ძალიან ნაწყენი იყო (შს მინისტრი) არსებულ სიტუაციაზე და ეს ძალიან კარგად ჩანდა და გვეუბნებოდა კიდეც ცალკე შეხვედრაზე. ახლა უფრო მეტი მიზეზი ექნება იქ, სადაც უნდა გააპრავოს. აქ ახალი პოლიციის მშენებლობა უნდოდა ადრე, მაგრამ ამაზე იმდენად არ საუბრობდნენ, გუშინ განაცხადა, რომ ახლა აუცილებლად ავაშენებ,“ - განაცხადა სულხან ბორძიკაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება სისხლის სამართლის 2 მუხლით - პოლიციელზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.

რაც შეეხება მდგომარეობას ხეობაში, უმძიმესი მოვლენებიდან მეორე დღეს იქ შედარებით სიმშვიდეა. ადგილზე მცირე შემადგენლობით კვლავაც რჩებიან საპოლიციო ძალები.

ამავე თემაზე
დღის ამბები