რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომი და დესტრუქციული პოლიტიკური ძალების ხელშეწყობა - ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ ანგარიშს პარლამენტს აცნობს.
სუს-ის ანგარიშში, რომლის ნაწილი საჯაროა, დაფიქსირებულია, რომ ქვეყნის გამოწვევებს შორის არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები. ასევე, ანგარიშში მოხვდა, კონკრეტული ჯგუფების მიერ შიდა არეულობის ხელშეწყობაც და ამისთვის დესტრუქციული პოლიტიკური ძალების გამოყენება, მათ შორის მედიასაშუალებების, საუბარია ყალბ ახალ ამბებზე.
ოპოზიცია სუს-ს კონკრეტულ პრეტენზიებს უყენებს და ახსენებს, რომ ეს სამსახური ბოლო წლებია, სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკური შეკვეთების შესრულებითაა დაკავებული და არა ქვეყნის უსაფრთხოებით.
ოპონენტების კრიტიკა მიუღებელია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის. მისი თქმით, ოპოზიციას სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვს და არ შეუძლიათ თქვან, რა სამუშაოებს აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და გამოავლინა თუ არა რომელიმე აგენტი.
„ოპოზიციამ არ იცის, ჩვენ ვინ გამოვავლინეთ და ვინ არა, ჩვენ რა სამუშაოებს ვაწარმოებთ. ეს ანგარიში არის ღია და საჯარო. ამ ტიპის ინფორმაცია საჯარო ანგარიშში არ მოხვდებოდა. სუს-ს ყოველთვის ადანაშაულებენ, თუმცა ფაქტები არასდროს არ არის,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე კითხვაზე, ვინ იგულისხმება რუსეთის მიერ საქართველოში ხელშეწყობილ დესტრუქციულ პოლიტიკურ ძალებში, არ პასუხობს.
„ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, ვინც გააკრიტიკებს უსაფუძვლოდ სამართალდამცავ უწყებას, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.