21 აგვისტო 2019,   21:00
ვრცლად
"პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვაა... ყველას მოეთხოვება პასუხი" - მმართველი გუნდი პანკისში ვითარების პროვოცირებაზე საუბრობს 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპონენტების განცხადებებს ანტისახელმწიფოებრივი უწოდებენ.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები, პანკისის ხეობაში ვითარების პროვოცირებაში "გარკვეულ ძალებს" ადანაშაულებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ ვინ ისარგებლა ხეობაში მომხდარი დაპირისპირებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების თქმით, პანკისში პოლიციას მოსახლეობა დაუპირისპირდა, რაც დაუსჯელი არ დარჩება. 

„არც ერთ პოლიციელს არ აქვს სურვილი, რომ ძალა გამოიყენოს მოსახლეობის მიმართ. ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის შეფასებები, რომელიც პოლიტიკური მოტივებით ხელისუფლებას ადანაშაულებს მაშინ, როცა პოლიციელისთვის ნასროლი ქვა, არის სახელმწიფოსთვის ნასროლი ქვა. სამწუხაროდ, მოვისმინე ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, ამიტომ ეს არის კომპლექსური საკითხი, სადაც პოლიციელს ქვას ესვრიან იქ რეაგირება არის სავალდებულო და ეს პროცესი გაგრძელდება, ყველას მოეთხოვება პასუხი სამართლებრივ ჩარჩოებში"-აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, სოფო კილაძე ამბობს,რომ სახელმწიფომ ნამდვილად გაიარა ბეწვის ხიდზე. მისი თქმით, ხელისუფლებამ გონიერი გადაწყვეტილება მიიღო, როცა პრობლემის გადაჭრის გზად დიალოგი აირჩია. 

„მე მგონია,რომ ამ ბეწვის ხიდზე გვმართებს გონიერებას მთელ საზოგადოებას და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მაინც ხელისუფლების მხარეს არის. ჩვენი მიზანი არ არის საზოგადოება დავაპირისპიროთ ერთმანეთს, ან საზოგადოება და ხელისუფლება იყოს დაპირისპირებული. პირიქით, ჩვენი მიზანი არის იყოს სიმშვიდე, გუშინ ნამდვილად ბეწვის ხიდზე გავიარეთ მაგრამ ვფიქრობ, გონიერებამ გაიმარჯვა და სწორად დალაგდა სიტუაცია. ხელისუფლება მაქსიმალურ კომუნიკაციაშია იქაურ მოსახლეობასთან და მგონია,რომ ეს გზა არის ყველაზე სწორი გზა- პრობლემების გადაჭრა დიალოგის გზით,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

ვითარება პანკისში გუშინ უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, გუშინ დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა.

ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდანბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

ამავე თემაზე
დღის ამბები