25 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
"ძალიან უცნაურია ის ტონი, რომლითაც დაიწყეთ დღევანდელი სხდომა"... "ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, მიხარია" - კამათი სამადაშვილსა და სესიაშვილს შორის

კამათი თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე - ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი და კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი დაუპირისპირდნენ.

კამათი ირაკლი სესიაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც კომიტეტის სხდომის დახურვის ინიციატივა გაახმოვანა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ირაკლი სესიაშვილს ტონი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას კომიტეტის თავმჯდომარის საუბრის მანერა არ შეესაბამება.

„ძალიან უცნაურია ის ტონი, რომლითაც თქვენ დაიწყეთ დღევანდელი სხდომა იმიტომ, რომ გუშინ ჩვენი ქვეყანა იდგა, ძალიან სერიოზული კრიზისი იხილა საზოგადოებამ და დღეს, ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილი და ოპოზიციასთან საუბრისას ტონი შეარჩიეთ. ის კამპანია პიარ კამპანია, რაც დღეს წარმოებს პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, როდესაც მათ აკავშირებენ ისლამურ ფუნდამენტალისტურ მოძრაობასთან სხვადასხვა პროპაგანდისტული საშუალებები თქვენი ხელისუფლების. აი ძალიან მაინტერესებს, რომ ამაზე პასუხი მოვისმინო საჯაროდ და მნიშვნელოვანია, რომ ამაზე პასუხი მოისმინოს ასევე მედიის წარმომადგენლებმა, რომლებიც სამწუხაროდ აი ამ სამარცხვინო კამპანიას აწარმოებენ დღეს, როდესაც უსერიოზულესი გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფო. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველა შეკითხვა დაისვას ღია რეჟიმში და შემდეგ მივცეთ დისკრეცია შესაბამისად წარმომადგენელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, განსაზღვროს რომელ შეკითხვას შეუძლია უპასუხოს საჯაროდ და რომელს არა, მისი გადასაწყვეტი იყოს ეს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ აქ გასართობად არ ვართ შეკრებილები,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის ბრალდებებს, ბრალდებითვე უპასუხა ირაკლი სესიაშვილმა. მან ოპოზიციონერი დეპუტატი პროვოკაციულ განცხადებებში დაადანაშაულა.

„თქვენი რიგ შემთხვევაში, პროვოკაციული განცხადებები უკვე სახეზეა და ჩემი ტონი თუ არ მოგწონთ, ეს მე მიხარია, მაგრამ არის საერთო ქვეყნის ინტერესები, სადაც თქვენ კონსოლიდაციის უნარი არ გქონდათ აქამდე, როცა ხელისუფლებაში იყავით, არც დღეს გაქვს, როცა ოპოზიციაში ხართ. ესეც ის განსხვავებაა, რომელიც ჩვენ შორის, არის ფუნდამენტალური, როგორც ხშირად გიყვართ ხოლმე ამ სიტყვის ხმარება,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღეს პარლამენტში სუს-ის ყოველწლიური ანგარიში უწყების უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა გააცნო.

დღის ამბები