20 აპრილი 2024,   00:19
ვრცლად
პარლამენტში სუს-ის ანგარიშის ყოველწლიური ანგარიშთან დაკავშირებით მოსმენის დახურვას დეპუტატების ნაწილი ეწინააღმდეგება

თავდაცვის და უშიშროების კომიტეტზე, სადაც სუს-ის წარმომადგენელს უსმენენ, სხდომის დახურვასთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს. სხდომის ნაწილი დახურვის ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გაახმოვანა.

სესიაშვილმა განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომა, რომელის კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა წარიმართოს, დახურულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.

„ტრადიციულად მე უნდა შემოგთავაზოთ დახურულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება. ტრადიციულად ოპოზიციისგან უნდა მოვისმინოთ პროტესტი პროცედურასთან დაკავშირებით, ტრადიციულად ამას მოვისმენთ, შემდგომ ცხადია გავაგრძელებთ, კენჭს ვუყრით დახურვის გადაწყვეტილებას და თუ კი მომხრეები იქნებიან ჩვენი კოლეგები გავაგრძელებთ დახურულ რეჟიმში დარწმუნებული ვარ, როგორც ტრადიციულად ძალიან საინტერესო დისკუსიას,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ირაკლი სესიაშვილის ამ მოსაზრებას ოპოზიცია არ ეთანხმება. „ევროპული საქართველოს წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, ისეთ საკითხებზე გეგმავენ დეპუტატები კითხვების დასმას სუს-ის წარმომადგენელთან, რომელიც საიდუმლო ინფორმაციას არ შეიცავს, მათ შორის, კორუფციაზე.

"ძალიან სამწუხაროა, ბატონო ირაკლი, ასეთი დამოკიდებულება, რომ ფორმალობად აქციეთ ჩვენი მოსმენა. მიუხედავად იმისა, რომ ვსაუბრობდით ჩამოყალიბებულ ტრადიციაზე, ცუდი და არასწორი ტრადიცია ნამდვილად არ უნდა გავაგრძელოთ. პირველ რიგში, ბატონ გიორგისთან იქნება შეკითხვები, რომლებიც არ არის და არც შეიძლება იყოს საიდუმლო, მაგალითად, კორუფციასთან დაკავშირებით, სუს-ის საქმიანობა მხოლოდ საიდუმლო საქმიანობის ნაწილს არ მოიცავს და მეორე ასევე მაშინ თუ ტრადიციებზე ვსაუბრობთ, ასევე უნდა ვუთხრათ ჟურნალისტებს იმ ტრადიციის შესახებ, რომ სხდომის დახურვის მიუხედავად სამწუხაროდ არანაირ საიდუმლოს ან კონკრეტულ ინფორმაციაზე შემდგომ პასუხებს დეპუტატები ვერ ვიღებთ," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

სხდომის დახურვის აუცილებლობას ვერ ხედავს ვერც დეპუტატი, გიორგი კანდელაკი. „ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, სუს-ის წარმომადგენელთან კითხვები პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქვთ, რაც საიდუმლო ინფორმაციას არ წარმოადგენს.

„ჩვენი მოვალეობაა დავსვათ ის კითხვები, რაც აწუხებს საზოგადოებას, იქნება ეს პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, ეს ხომ საიდუმლო არ არის, კორუფციასთან დაკავშირებით, იგივე რუსეთის ჯაშუშებთან დაკავშირებით ყველგან გვესმის, რომ აპატიმრებენ მათ. საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ გვაქვს დაპატიმრების რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობისთვის და შემდეგ თუ ურთიერთპატივისცემაზე არის საუბარი, ესეც ურთიერთპატივისცემის ნაწილია, რომ ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს მხოლოდ იმ პასუხებზე დახურვა ჩვენი დღევანდელი სხდომისა, რომლებიც კი ბატონო ეხება მართლაც საიდუმლო საკითხებს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები