20 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
საგამოძიებო მოქმედებები და დაკავების მოლოდინში მყოფი პანკისელები - პრემიერი კითხვებს არ პასუხობს

პრემიერი პანკისში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე დასმულ კითხვას აღარ პასუხობს. მამუკა ბახტაძემ წეროვანში, წიგნის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება უკომენტაროდ დატოვა.

პრემიერი არ პასუხობს კითხვას, რას ფიქრობს, ხეობაში ადგილობრივებსა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

როგორც გუშინ, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ის რაც პანკისის ხეობაში მოხდა მიუღებელია. მისივე თქმით, თავდასხმა პოლიციელებზე არის დაუშვებელი და ყველა სამართალდამრღვევის მიმართ კანონის პასუხიც  შესაბამისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ვითარება პანკისში კვირას უკიდურესად დაიძაბა. ხეობის მოსახლეობის გაღიზიანება არა მარტო მშენებლობის განახლებამ, არამედ ტერიტორიაზე მობილიზებულმა პოლიციელებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დანაყოფებმა გამოიწვია.

სოფელ ძიბახევთან, კვირას, დილიდან სამშენებლო ტექნიკა გამოჩნდა. იქ დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი სამის“ სამშენებლო მოედანზე მშენებლები პოლიციის დიდმა ესკორტმა მიაცილა. ძიბახეველებს მალე დუისიდან, ჯოყოლოდანბირკიანიდან, პანკისის სხვა სოფლებიდანაც შეუერთდნენ. 

მოსალაპარაკებლად მათთან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მივიდა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ  თელავში ჩასულ 5 პანკისელთან მოლაპარაკებაზე შს მინისტრიც მივიდა. ალაზნისპირზე მომხდარი დაპირისპირებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე პოლიციელები.

დღის ამბები