შეერთებული შტატები უკრაინის არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვებას ულოცავს და რეფორმების გატარების კუთხით მხარდაჭერას ჰპირდება. ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში, სადაც დადებითადაა შეფასებული საარჩევნო პროცესიც. განცხადებაში ასევე წერია, რომ ვაშინგტონი არჩეულ პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელენსკისთან თანამშრომლობას მოუთმენლად ელის.
პარალელურად კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან პეტრო პოროშენკოს მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მოქმედი პრეზიდენტი მომხრეებს მომდევნო არჩევნებში გამარჯვებას დაჰპირდა. მიმართვის შემდეგ პოროშენკომ ტელე-ოპერატორის როლი შეითავსა და მიტინგის ამსახველი კადრები საკუთარი კაბინეტის აივნიდან გადაიღო.