საკანონმდებლო ორგანოში საპენსიო რეფორმაზე მსჯელობა გრძელდება. დეპუტატები საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს, ლევან სურგულაძეს უსმენენ. ოპოზიციაში იმ მთავარ საკითხებზე საუბრობენ, რომელიც დაგროვებით პენსიის პროექტმა გააჩინა. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მთავარ პრობლემას მაინც წარმოადგენს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საპენსიო პროგრამაში მონაწილეობა არ არის ნებაყოფლობითი.
რომან გოცირიძის თქმით, მოქალაქეები იძულებული არიან პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა მათ არ აქვთ ინფორმაცია, როგორ მოხდება ფონდში აკუმულირებული თანხების დაცვა.
„სამწუხაროდ, დღეს არის ასეთი მოცემულობა, რომ ეს სქემა ამუშავდა, არ გაითვალისწინეს ჩვენი რჩევა, რომ სულ მცირე ეს უნდა ყოფილიყო ნებაყოფლობითი, როგორც ფონდის შერჩევის, ასევე საერთოდ ამ სქემაში მონაწილეობის კუთხით, ისევე როგორც ადამიანს უნდა ჰქონოდა საშუალება მიეღო მონაწილეობა კერძო თუ სახელმწიფო დაზღვევის სისტემაში - ეს არ გაკეთდა და დღევანდელ ვითარებაში მთავარი ამოცანა არის ის, რომ აკუმულირებული თანხები არ გაიფლანგოს, იგი იყოს სწორად განთავსებული და მაქსიმალური ზედამხედველობა მოახდინოს საზოგადოებამ ამ ფონდზე, რომ მომავალში დაგროვილ ფულს არ დაემუქროს რისკები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ევროპულ საქართველოში" კი მთავარი კითხვა საინვესტიციო საბჭოსთან დაკავშირებით აქვს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, სად წავა ფონდში დაგროვებული მოქალაქეების თანხა.
„საზოგადოება ისედაც აღშფოთებულია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალდატანებით ათი ათასობით ადამიანი შეიყვანა ხაფანგში, რომელსაც დაარქვეს დაგროვებითი საპენსიო სქემა და რომელიც ვერ იძლევა ღირსეულ სიბერეს, ღირსეულ პენსიას, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა გამოჩნდა ახლა, როდესაც ხალხს უკვე ჯიბიდან ამოუღეს ფული და ახლა იმტვრევენ თავს იმასთან დაკავშირებით თუ სად უნდა განათავსონ ეს ფული, ანუ საინვესტიციო საბჭო დაკომპლექტებულიც კი არ აქვთ და შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საპენსიო რეფორმა არის სრულიად გაუაზრებელი,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ საპენსიო რეფორმა არის რეფორმა, რომელიც ქვეყნის კარგად განვითარების პირობებში მუშაობს. რომან კაკულიას თქმით, აუცილებელია პასუხი გაეცეს იმ მოქალაქეების მთავარ კითხვას, რომელიც საინვესტიციო პოლიტიკას და თანხების დაცულობას უკავშირდება.
„საზოგადოების დიდი ნაწილის შეკითხვები არის დაკავშირებული სწორედ საინვესტიციო პოლიტიკასთან, ფონდის თანხების დაცულობასთან, მის მართვასთან და სწორედ იმ გათვლებთან, რომლითაც ჩვენ ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ მათ გადადგეს სწორი ნაბიჯი. ათი მოხსენებიდან გამომდინარე, რადგან ეს პერიოდია უკვე გავლილი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდში რა ნაბიჯები გადადგეს და რამდენად პასუხობს ეს მათი პირველი ნაბიჯები ძირითად გამოწვევებს , რომელიც ჩვენს მიერ იქნა დანახული, როგორც ფონდის წინაშე არსებული გამოწვევები,“ - განაცხადა რომან კაკულიამ.