საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი დეპუტატებს 100 დღის მუშაობის შედეგს აცნობს. მისი თქმით, საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და დაგროვებითი პენსიის პროექტის დაწყებიდან დღემდე ფონდში უკვე 175 მილიონი ლარია შესული. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო ფონდიდან გასვლის მოთხოვნით სააგენტოს მხოლოდ 2900 ადამიანმა მიმართა.
მისი განმარტებით, ყველა იმ პირი , რომელსაც 40 წელი შეუსრულდა და საპენსიო შენატანის გაკეთება არ სურს, შეუძლია სააგენტოს მიმართოს.
„რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით, გაწევრიანებულია ჩვენს სისტემაში 750 ათასზე მეტი უკვე. საპენსიო შენატანების მოცულობა დაახლოებით გუშინდელი მონაცემებით იყო 175 მილიონი ლარი. მომართვიანობა დიახ არის, არც ისე მაღალი. ამ ეტაპისთვის სისტემიდან გასული არის 2 900 ადამიანი, ანუ ეს არის 750 000 ადამიანიდან 2 900 ადამიანი, დაახლოებით ეს არის 0,4%. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გეგმის მიხედვით და ისე, როგორც გაწერილია კანონში. დეკემბერში ეს საბჭო ნამდვილად არ გვჭირდებოდა, ეს იქნებოდა ზედმეტი ხარჯი, ასევე იმისათვის, რომ თქვენ შეადგინოთ დივერსიფიცირებული პორტფელი, ამისათვის საჭიროა გარკვეული თანხის აკუმულირება, ეს თანხა აკუმულირდება ზუსტად იმ დროისთვის, როდესაც უკვე გვეყოლება საბჭო და დავიწყებთ საინვესტიციო საქმიანობას,“ - განაცხადა ლევან სურგულაძემ.