„კარგია, რომ იუმორს ვინარჩუნებთ. ამიტომ მეც ჩავერთვები და ორივეს მე დავპატიჟებ ყავაზე,“ - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
დეპუტატმა შს მინისტრი და „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია ყავის დასალევად მიიპატიჟა.
სესიაშვილმა ასევე, განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
„როცა საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, აქ საერთო პოზიციების კონსოლიდაცია უნდა მოვახერხოთ. მესმის, რომ მათ ეს არ შეუძლიათ და ამის უნარ-ჩვევები, სამწუხაროდ, არ აქვთ, მაგრამ არის საკითხები, სადაც ჩვენ საერთო სახელმწიფო ინტერესები უნდა დავიცვათ. მათ შორის, როცა არის კითხვა დაისაჯონ თუ არ დაისაჯონ, პოლიციელი იყო თუ რიგითი მოქალაქე იყო, პანკისში იყო თუ სამტრედიაში იყო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, კანონი უნდა აღსრულდეს ყველგან,“ - განაცხადა სესიაშვილმა.
ყავაზე დაპატიჟების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც შს მინისტრმა „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას, გამოცხადდეს მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში, ყავაზე დაპატიჟების ინიციატივით უპასუხა და თქვა, რომ მისი ნახვის სურვილის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ის ყავაზე მიიპატიჟონ.
„თუ „ევროპულ საქართველოს“ ჩემი დამატებით ნახვა სურს, დამპატიჟონ ყავაზე და მივალ“, - თქვა გახარიამ.
საპასუხო განცხადება დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ დღეს გააკეთა. "ევროპული საქართველოს" წევრმა თქვა, რომ მზად არის თავად მოუმზადოს ყავა მინისტრს, თუ ის საკანონმდებლო ორგანოში მივა და არსებულ კითხვებს უპასუხებს.