25 აპრილი 2024,   17:21
ვრცლად
„თქვენ რომ ჩამოხვედით ქვეყანას 15 ათასი ლარი დაუჯექით თვეში, სჯობდა არ ჩამოსულიყავით" - ჭიჭინაძე სურგილაძეს

თქვენ რომ ჩამოხვედით ქვეყანას 15 ათასი ლარი დაუჯექით, სჯობდა არ ჩამოსულიყავით - დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ამ რეპლიკით საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს, ლევან სურგულაძეს უპასუხა.

„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი დაინტერესდა, როგორ გეგმავს დაგროვებითი საპენსიო ფონდის მართვას სააგენტო, როცა ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების მაჩვენებელი იზრდება.

„ქვეყანაში იქნა დეკლარირებული, რომ ჩვენი კვალიფიციური მუშახელი წავა და კანონიერად იმუშავებს საზღვარგარეთ და ამას უნდა შევუწყოთ ხელიო. მე გეუბნებით, ისე მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის ამ გადინებისას, თქვენი ბაზა საპენსიო რომ მცირდება არ იმოქმედებს?“- მიმართა ჭიჭინაძემ სურგულაძეს.

სურგულაძემ ჭიჭინაძეს უპასუხა, რომ გადინების პარალელურად ქვეყანაში ხალხი ჩამოდის, სწორედ ამიტომ, მისი მტკიცებით, საპენსიო ბაზაზე ეს გავლენას არ მოახდენს.

ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ემიგრაციაში წასულები არ ბრუნდებიან და ქვეყანაში შობადობაც შემცირებულია. რაზეც სურგულაძემ მას უპასუხა, რომ მაგალითად ის, სხვა ქვეყნიდან, სადაც ათჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდა, დაბრუნდა. ამ კომენტარზე ჭიჭინაძემ მას რეპლიკით უპასუხა.

„თქვენ რომ ჩამოხვედით ქვეყანას 15 ათასი ლარი დაუჯექით თვეში, სჯობდა არ ჩამოსულიყავით. ყოფილიყავით იქ, “- უპასუხა ჭიჭინაძემ.

საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი დეპუტატებს 100 დღის მუშაობის შედეგს აცნობს და მათ კითხვებს პასუხობს. სურგულაძის თქმით, საპენსიო რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს და დაგროვებითი პენსიის პროექტის დაწყებიდან დღემდე ფონდში უკვე 175 მილიონი ლარია შესული. სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო ფონდიდან გასვლის მოთხოვნით სააგენტოს  მხოლოდ 2900 ადამიანმა მიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები