18 სექტემბერი 2019,   16:13
ვრცლად
"რომ არა ივანიშვილის მითითება, ასეთ დესტრუქციულ გზას აირჩევდით?" - "ომეგა ჯგუფის" დირექტორის კითხვა მინისტრს

ფინანსთა მინისტრს, დეპუტატების მწვავე კითხვების გარდა, ომეგა ჯგუფის  წარმომადგენლების კითხვებზე პასუხის გაცემამაც მოუწია.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომას ომეგა ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ომეგა ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ლევან აღდგომელაშვილმა, ივანე მაჭავარიანს განუცხადა, რომ ის ბიძინა ივანიშვილისგან დავალებებს იღებს, რასაც ერთადერთი მიზანი -  ომეგა ჯგუფის დაზიანება, აქვს.

აღდგომელაშვილმა მინისტრს ჰკითხა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის დავალებები იმის მიზეზი, რომ ფინანსთა სამინისტრო კომპანიასთან მიმართებაში დესტრუქციულ გზას ირჩევს.

„როდესაც გქონდათ ბიძინა ივანიშვილის მითითება, რომ ცა გახსნილიყო ომეგას თავზე, მაშინ თანახმა იყავით ამ საურავის შემცირებაზე. ჩვენ ამ საურავის გადახდაც შემოგთავაზეთ 5 მარტს, მაგრამ თქვენი წინადადება იყო უარყოფითი. მაინტერესებს, რატომ. დამიკონკრეტეთ კანონის მუხლით, რომლის საფუძველზეც თქვენ და შემოსავლების სამსახური კომპანიას არ აძლევთ აქციზურ მარკებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი სრულ თანხას ვერ აიღებდა, ასევე ჯერ პირველი ეტაპი დაუჯდა ბიუჯეტს ნახევარ მილიონზე მეტი და ათობით მილიონი დაგიჯდება სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟში შემდგომი დავა, მაინც აირჩიეთ ეს დესტრუქციული გზა და არ ირჩევთ იმ შემოთავაზებას და არ თანხმდებით, რომელსაც გთავაზობდათ ომეგა კონკრეტულად 5 მარტს, თუმცა, შემდგომაც იყო შემოთავაზება.

"მაინტერესებს კიდევ ერთი, რომ არ იყოს ასეთი მითითება, მე მესმის თქვენი მძიმე მდგომარეობისა, რომ არ იყოს ასეთი მითითება, ძირისგამომთხრელი პოლიტიკა აწარმოოთ ომეგას წინააღმდეგ და მითითებას თქვენ ღებულობთ, იცით, საიდანაც, ბიძინა ივანიშვილისგან, თქვენ ამ დესტრუქციულ გზას აირჩევდით თუ არ აირჩევდით?" -  მიმართა მინისტრს აღდგომელაშვილმა

მინისტრის განცხადებით, ომეგა ჯგუფს სამი წელია, თანხა არ გადაუხდია. 5 მარტის მიმართვაში კი, რომელზეც ლევან აღდგომელაშვილი საუბრობს, მინისტრის თქმით, სამი წლის განმავლობაში ვალის გაყინვას გულისხმობს და შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ გადახდას.

„აგერ წერია, რა შემოვიდა 5 მარტს - ვალის დაფარვის ვადა. აქედან სამი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს დავალიანების გაყინვა, ხოლო შემდეგი შვიდი წელი ყოველკვარტლურად 2-2 მილიონს გადავიხდიო. ამაზე უარს რომ იღებენ, ამბობენ, რომ მე სრულ თანხას ვიხდიო. სამი წელი საერთოდ კაპიკი არ გადაუხდიათ. ეგეთი საგადასახადო შეთანხმება სადმე თუ გაგიგიათო,“ -  უპასუხა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, "ხელისუფლება და ყველა შესაბამისი სტრუქტურა არავისთან ისე მართალი არ ყოფილა, როგორც ომეგასთან".

„სამართალს რაც შეეხება, სტოკჰოლმში არანაირი პროცესი არავის არ წაუგია, მე როგორც ვიცი, იქ მოხდა კონკრეტული რაღაც გადაწყვეტილების შეჩერება,“ - განაცხადა მინისტრმა.

დღის ამბები